არჩილ თალაკვაძე - 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, არანაირი გადახვევა და ცვლილება არ ხდება
არჩილ თალაკვაძე - 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, არანაირი გადახვევა და ცვლილება არ ხდება

2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, როგორც კანონმდებლობაში ჩავწერეთ, აქედან არანაირი გადახვევა და ცვლილება არ ხდება, ამიტომ უნდა დავსვათ წერტილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, მმართველ პარტიას სურს, რომ რაც საარჩევნო კამპანიაში მოხდება, საზოგადოებამ იცოდეს.

„რაც შეეხება ოპოზიციის კომენტარებს, როდესაც პროპორციულ სისტემაზე გადავდიოდით, ოპოზიციის ყველა პარტია საუბრობდა, რომ საარჩევნო კამპანიის ჩატარებისას აუცილებელი იქნება საკითხის გათვალისწინება, რომ პარტიებმა თავისი ლიდერები, რომლებიც ეყოლებათ პროპორციულ სიაში, საქართველოს მასშტაბით გაანაწილონ და ჩართონ საარჩევნო კამპანიაში ისე, რომ ადგილზე მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ ატარებს კამპანიას და პარტიებმაც იცოდნენ, ვინ არის კონკრეტულ საარჩევნო ოლქში კამპანიის ხელმძღვანელი მათი სიიდან. შესაბამისად, რაზეც ისედაც იყო საუბარი და რასაც ისედაც აპირებდა უკლებლივ ყველა სერიოზული პოლიტიკური პარტია, ვინც სიის სრულად შევსებას და წარდგენას აპირებს, ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ, გადავიტანეთ ფურცელზე. არ გვინდა, რომ საზოგადოება ვინმემ დააბნიოს და გვსურს, რომ რაც საარჩევნო კამპანიაში მოხდება, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, შეწყვიტონ უსაფუძვლო კრიტიკა.

„ასევე, გავიხსენებ საკონსტიტუციო განხილვებს, როდესაც მოქალაქეების უდიდესი ნაწილი რეგიონებში გვეუბნებოდა, რომ მათ აინტერესებთ, ვინ იქნებოდა ადამიანი, ვინც საქმის კურსში იქნება და ვისაც მომავალში ეცოდინება მათი რეგიონის, ქალაქისა თუ სოფლის პრობლემები, რათა ყველა ადგილობრივი საზოგადოების საჭიროებები იყოს ჯეროვნად წარმოდგენილი პარლამენტში. ამაზეა საუბარი და სწორედ ეს – საზოგადოების სურვილი და პარტიების გეგმა კამპანიის ჩატარების შესახებ გადავიტანეთ ფურცელზე. ყველას მოვუწოდებ, ამაზე ნუ დაგეგმავენ სპეკულაციებს, შეწყვიტონ უსაფუძვლო კრიტიკა. ვინაიდან მათაც დასჭირდებათ, რომ საკუთარი კამპანია ასე დაგეგმონ. ვინც განაგრძობს ამ უსაფუძვლო კრიტიკას, უკვე ზაფხულში და და შემოდგომაზე, როდესაც კამპანია დაიწყება, შევახსენებთ სიტყვებს, რომლებსაც დღეს ამბობენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.