არჩილ თალაკვაძე - ვინაიდან ჩვენ გავაკეთეთ საკონსტიტუციო რეფორმა, ვფიქრობთ, რომ მომავალი პოლიტიკისთვის ეს სისტემა არის უფრო შესაბამისი
არჩილ თალაკვაძე - ვინაიდან ჩვენ გავაკეთეთ საკონსტიტუციო რეფორმა, ვფიქრობთ, რომ მომავალი პოლიტიკისთვის ეს სისტემა არის უფრო შესაბამისი

ჩვენ უკვე ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ 2024 წელს ქვეყანა გადავა პროპორციულ არჩევნებზე, დღეს კი, აქამდე მიმდინარეობდა პოლიტიკური დებატი, პოლიტიკური კამათი, დისკუსია, როგორი უნდა იყოს 2020 წლის არჩევნები და იყო განსხვავებული პოზიციები შერეულ სისტემასა და პროპორციულ სისტემას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, თეორიულად შერეული, პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაც სამივე ლეგიტიმურია.

„ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ზოგადად სისტემა, როგორც ასეთი, თეორიულად, შერეული საარჩევნო სისტემაც, პროპორციული საარჩევნო სისტემაც და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაც, სამივე არის ლეგიტიმური და დღეს ჩვენ გვაქვს მაგალითები მსოფლიოში, სადაც განვითარებული დემოკრატიები იყენებენ როგორც შერეულ, ასევე სრულად მაჟორიტარული სისტემებს. მაგალითად, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ასევე ევროპული დემოკრატიების დიდი ნაწილი, რომლებიც იყენებენ სრულად პროპორციულ სისტემას. ვინაიდან ჩვენ გავაკეთეთ საკონსტიტუციო რეფორმა, ჩვენ გადავწყვიტეთ, გადავასულიყავით ამ სისტემაზე. ვფიქრობთ, რომ მომავალი პოლიტიკისთვის უფრო საქმიანი, უფრო დაბალანსებული, უფრო თანამშრომლობაზე ორიენტირებული პოლიტიკისთვის, ეს სისტემა არის უფრო შესაბამისი. რასაკვირველია, ჩვენი აღნიშნული მოსაზრება უნდა გამოიცადოს დროში და რეალურმა ცხოვრებამ უნდა გვიჩვენოს მომავალში, რამდენად აღმოჩნდება ეს ასე. დღეს ეს გადაწყვეტილება არის ჩაწერილი კონსტიტუციაში, რაზეც ჩვენ დღეს ვმსჯელობთ, ეს მსჯელობა ეხება მხოლოდ და მხოლოდ 2024 წლამდე არჩევნებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოსადეგ სისტემას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაში, რომელიც საქართველოს პირველ არხის ეთერში გადაიცემა, საკონსტიტუციო კომისიის წევრები არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ირმა ინაშვილი და მარიამ ჯაში მონაწილეობენ. განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ.

დატოვე კომენტარი