არჩილ თალაკავაძე - ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ადამიანის უფლებებისა და საზოგადოების უსაფრთხოების ოქროს შუალედში იყო მიღებული
არჩილ თალაკავაძე - ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ადამიანის უფლებებისა და საზოგადოების უსაფრთხოების ოქროს შუალედში იყო მიღებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ საკმაოდ ფართომასშტაბიანი ამნისტიაა.

მისივე თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ადამიანის უფლებებისა და საზოგადოების უსაფრთხოების ოქროს შუალედში მიიღეს.

ამასთან, როგორც თალაკვაძე ამბობს, ხელისუფლება საზოგადოებას აძლევს გარანტიას, რომ ამნისტია ქვეყანაში უსაფრთხოების დონეს არ გააუარესებს და მართლწესრიგს არ დააზიანებს.

„ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტმა უკვე მიიღო. მიხეილ სარჯველაძემ ამომწურავად მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია, თუ რამდენ ადამიანს ეხება ეს კანონი. 1 500-ზე მეტ პირს, რომელიც პატიმრიბაშია. 4 000-ზე მეტ ადამიანს, რომელსაც სისხლის სამართლის ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული და დაახლოებით ათი ათას ადამიანს, ვინც კანონის საფუძველზე პრობაციის რეჟიმის ქვეშ იმყოფება. როგორც ხედავთ, საკმაოდ ფართომასშტაბიანი ამნისტიაა. თუმცა დავუბრუნდები გაცხადებულ მიზანს, რომელიც ჩვენ თავიდან ვთქვით. ეს ამნისტია უნდა მიღებულიყო და მიღებულია იმ საკეთესო ოქროს შუალედში, რომლითაც ერთი მხრივ, ჩვენ ვაძლევთ ათასობით ადამიანს რესოციალიზაციის და საზოგადოებაში, ოჯახებში დაბრუნების საშუალებას. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ საზოგადოებას ვაძლევთ იმის გარანტიას და პირობებს, რომ ეს ამნისტია ქვეყანაში უსაფრთხოების დონეს არ გააუარესებს და მართლწესრიგს არ დააზიანებს. ეს გადაწყვეტილება ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების, მეორე მხრივ, საზოგადოების უსაფრთხოების ოქროს შუალედში იყო მიღებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი 83 ხმით მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეა.