არჩილ მესტვირიშვილი - სესხის გამცემი ვალდებულია, მსესხებლის გადახდისუნარიანობა შეაფასოს და შესაძლებლობაზე მეტი ტვირთი არ დააკისროს
არჩილ მესტვირიშვილი - სესხის გამცემი ვალდებულია, მსესხებლის გადახდისუნარიანობა შეაფასოს და შესაძლებლობაზე მეტი ტვირთი არ დააკისროს

ახალი რეგულაციების მიზანი ფინანსური სექტორის სტაბილური განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების სტიმულირებაა, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ახალი რეგულაციების ძირითადი პრინციპია, რომ გადახდისუნარიანობის შეფასების გარეშე სესხები აღარ გაიცეს, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა.

„სესხის გამცემს ეკისრება ვალდებულება, შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და არ დააკისროს მეტი ტვირთი, ვიდრე აქვს მომსახურების შესაძლებლობა. ეს ეხება, როგორც სესხებს, ასევე თავდებობას. მოკლევადიან პერიოდში ველოდებით, რომ გარკვეულწილად, ტემპი შენელდება, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, მოლოდინია, რომ ამ რეგულაციის გავლენა იქნება ცალსახად დადებითი, როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისი შეფასებით, რეგულაციების გარეშე როგორც საფინანსო სექტორში, ასევე ეკონომიკაში უფრო მაღალი მერყეობა იქნებოდა.

„2018 წლის განმავლობაში საკრედიტო პორტფელების ტემპი გარკვეულწილად შეიცვალა. ჯამურად საკმაოდ მაღალი ზრდა გვქონდა საკრედიტო აქტივობაში. უფრო მეტად გაიზარდა მცირე და საშუალო ზომის კომპანიების დაკრედიტება, ასევე იზრდებოდა იურიდიული პირების დაკრედიტება, სწრაფად იზრდებოდა იპოთეკური სესხების გაცემა, ხოლო სამომხმარებლო სესხების დაკრედიტების ტემპი შემცირდა. საბოლოო ჯამში, მთავარია, დაკრედიტება იყოს გრძელვადიანი და მდგრადი ტემპების შესაბამისი“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, სესხის გამცემ ორგანიზაციას, რომელიც 20-ზე მეტ ფიზიკურ პირზე გასცემს სესხს, ვალდებულება ეკისრება, ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდეს.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნულ ბანკის მიერ მიღებულ დებულებასთან დაკავშირებით თბილისსა და რეგიონებში ძალიან ბევრი შეხვედრა ჩატარდა.

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული, ფიზიკურ პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება. შესაბამისად, სესხების გაცემაზე ახალი პირობები ამოქმედდა.