არჩილ მესტვირიშვილი - ლომბარდებისა და სესხის გამცემი სხვა ორგანიზაციებისთვის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ბოლო ვადა 2019 წლის პირველი იანვარია
მომხმარებელთა უფლებები თანაბრად უნდა იყოს დაცული ყველა სესხის გამცემთან, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.
შესაბამისად, მისი თქმით, მიდგომა ყველას მიმართ თანაბარი უნდა იყოს.
„მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის დასაწყისიდან ეროვნულ ბანკს მიეცა საშუალება, სესხის ყველა გამცემი, ვინც 20-ზე მეტ პირზე გასცემს სესხს, უნდა იყოს ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ და ეს ეტაპობრივად ხდება. ბოლო ვადა არის 2019 წლის პირველი იანვარი, როცა ლომბარდები და სხვა სესხის გამცემი ორგანიზაციები მოახდენენ ეროვნულ ბანკში რეგისტრაციას“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, არათანაბარი მიდგომის შემთხვევაში, პროცესები არასაბანკო სექტორში გადაინაცვლებს, რაც დამატებითი რისკის შემცველია.
„რეგულაციები მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით თანაბრად გავრცელდება სესხის ყველა გამცემზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ იქნა არათანაბარი მიდგომა, არასაბანკო სექტორში გადადინება მოხდება, სადაც რისკები გაცილებით მაღალია. ასეთ შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანაში ჭარბვალიანობის რისკების შემცირების ნაცვლად, საპირისპირო შედეგს მივიღებთ, ამიტომ თანაბარი მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
საბანკო-საფინანსო სფეროში საკანონმდებლო ინიციატივების პრეზენტაცია დღეს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამართა. ახალი წესები გავრცელდება მთლიან ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.