არჩილ მესტვირიშვილი - გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, სანამ ინფლაციაზე რისკები არ მოიხსნება
არჩილ მესტვირიშვილი - გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, სანამ ინფლაციაზე რისკები არ მოიხსნება

ჩვენი მესიჯია, რომ ლარის დღევანდელი კურსის დონე არ მოგვწონს, ის ინფლაციაზე პრობლემას გვიქმნის. შესაბამისად, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებს, ვიდრე ინფლაციაზე რისკები არ მოიხსნება, რაც ეროვნული ვალუტის კურსზეც აისახება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში ქართულ ბიზნესზე ეროვნული ვალუტის კურსის გავლენის საკითხი განიხილეს, რასაც კერძო სექტორი დღეის მდგომარეობით ნომერ პირველ პრობლემად ასახელებს. გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გუშინ გავრცელებულ პრესრელიზში ფონდმა პირველად გამოთქვა წუხილი ქართული ეროვნული ვალუტის კურსის რყევასთან დაკავშირებით.

მესტვირიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას საგარეო მაკროეკონომიკრუი ფაქტორები განაპირობებს.

„ექსპორტი იზრდება 12 პროცენტზე მეტით, იმპორტი 4.4-ით არის შემცირებული პირველი რვა თვის განმავლობაში. ამ მხრივ სავალუტო ბაზარზე დადებითი ტენდენციაა. ფულადი გზავნილები დახლოებით რვა პროცენტით იზრდება. თუმცა, ტურიზმის სტატისტიკა გამოვაქვეყნეთ რამდენიმე დღის წინ და ივლისში შემცირება იყო 13 პროცენტი, აგვისტოში – 10 პროცენტი. ჯამურად მთელი წლის განმავლობაში ზრდა იყო ნულთან ახლოს. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც ლარის კურსზე გავლენა მოახდინა. თუმცა, ჩვენ სრული სურათი ჯერჯერობით არ გვაქვს. როდესაც გვექნება საგადამხდელო ბალანსი, ეს მოგვცემს მთლიან სურათს, მაგრამ შეგვიძლია, გარკვეული შეფასებით ვთქვათ, რომ დღევანდელი კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე საგარეო შოკი ამას მოასწავებდა“, – განმარტა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

არჩილ მესტვირიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობაა, რაც ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის აუცილებელი ფაქტორია. ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდა კი ინფლაციის საშუალოვადიან დინამიკაზეა დამოკიდებული, რაც ლარის კურსის გამო, დღეის მდგომარეობით, არ არის სასურველ დონეზე, ამიტომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებს.

„ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისთვის მთავარია ინფლაციის საშუალოვადიანი დინამიკა და კურსის არსებული დინამიკა ინფლაციაზე უარყოფით გავლენას ახდენს. უკვე დავიწყეთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ეს ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტია [რეფინანსირების განაკვეთის აწევა] და გავაგრძელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ. იძულებული ვართ, გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა. ეს, რა თქმა უნდა, გაცვლით კურსზე გავლენას იქონიებს, რადგან გაცვლითი კურსი არის ერთ-ერთი გადაცემის არხი“, – განცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

გადაცემის წამყვანმა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეახსენა, რომ ბიზნესი მეტისმეტად წუხს ლარის კურსის გამო და სანდო პროგნოზს ელოდება.

არჩილ მესტვირიშვილმა ლარის კურსის პროგნოზირებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება, ვიდრე ინფლაციაზე რისკები არ მოიხსნება.

„ზოგადად, მცურავი გაცვლითი კურსის პროგნოზირება არ ხდება. ამას ზოგიერთი ექსპერტი შეიძლება, აკეთებდეს, მაგრამ არც ერთი ცენტრალური ბანკი არ აკეთებს. ჩვენი მესიჯია, რომ დღევანდელი კურსის დონე არ მოგვწონს. ეს ინფლაციაზე პრობლემას გვიქმნის. შესაბამისად, ჩვენ გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას, რომ კურსიდან ინფლაციაზე გადაცემა მოიხსნას. ხშირად ეროვნული ბანკი ვსაუბრობთ სხვა კურსზე – ნომინალურ ეფექტურ კურსზე, რომელიც ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან საშუალო შეწონილი კურსია – ბიზნესი ან მოსახლეობა კი ლარი-დოლარის კურსზე საუბრობს. რა თქმა უნდა, ლარი-დოლარის კურსი დამოკიდებულია იმაზე, თავად დოლარის კურსს რა მოუვა და საით წავა. ასე რომ, პროგნოზს ვერ ვიტყვით, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ გამკაცრებას, სანამ ინფლაციაზე რისკები არ მოიხსნება“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.