არჩილ მესტვირიშვილი - „ფიტჩი“ დადებითად აფასებს ლარიზაციის პოლიტიკას და ახალ რეგულაციებს
არჩილ მესტვირიშვილი - „ფიტჩი“ დადებითად აფასებს ლარიზაციის პოლიტიკას და ახალ რეგულაციებს

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩი“ დადებით შეფასებას აძლევს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების შევსებას, ლარიზაციის პოლიტიკას და საფინანსო სექტორში ამოქმედებულ ახალ რეგულაციებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განუცხადა.

„საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება იმის ინდიკატორია, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური რისკები მცირდება. ამ პირობებში კი გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები ასევე მცირდება. ეს საშუალო და გრძელვადიანი განვითარების მაჩვენებელია. თუმცა, ისეთი მოლოდინი არ უნდა იყოს, რომ ხვალიდან განაკვეთები შეიცვლება.

მაკროეკონომიკურ რისკებს შორის დასახელებულია მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, დოლარიზაცია, ფიზიკური პირების დაკრედიტების მაღალი ტემპი და სწორედ ამ მიმართულებით ანგარიშში დადებითადაა შეფასებული მთავრობის გადაწყვეტილებები, ასევე ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვება, ლარიზაციის პოლიტიკა და ბოლოდროინდელი რეგულაციები, რომლებიც თავიდან აგვარიდებს ფიზიკური პირების ჭარბ დაკრედიტებასთან დაკავშირებულ რისკებს”, – აღნიშნა მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, რეიტინგში გაუმჯობესება მნიშვნელოვანი სიგნალია როგორც ინვესტორებისთვის, ასევე იმის ინდიკატორია, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაზარდა.