არჩილ მესტვირიშვილი - ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების ამ ეტაპზე გამოყენებას არ ექნება სასურველი შედეგი
არჩილ მესტვირიშვილი - ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების ამ ეტაპზე გამოყენებას არ ექნება სასურველი შედეგი

გასულ პერიოდში ლარის კურსის რყევა დაკავშირებული იყო იმ მოლოდინებთან, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ტურისტების რაოდენობის შემცირებასთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ეროვნულს ბანკი ჯერ ვერ ხედავს რეზერვების გამოყენების საჭიროებას, რადგან ამ ეტაპზე მსგავსმა ჩარევამ შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ეროვნული ვალუტის კურსზე გრძელვადიან პერსპექტივაში.

„რა თქმა უნდა, გასულ პერიოდში რა რყევებიც ნახეთ, ეს დაკავშირებული იყო იმ მოლოდინებთან, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ტურისტების რაოდენობის შემცირებასთან. ეს, როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც კურსზეც აისახა. თუმცა გამომდინარე იქიდან, თუ როგორი დინამიკა ექნება ტურისტულ შემოსავლებს, შესაბამისად აისახება ეს მომავალში გაცვლით კურსზეც.

თუ დავინახავთ რაიმე საჭიროებას მომავალში, რა თქმა უნდა, რეზერვები გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე და გამომდინარე იმ შოკიდან, რომელიც არსებობს დღეს ქვეყანაში, რეზერვების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და მას არ ექნება სასურველი შედეგი. ჩვენი მიზანი არის კურსის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილურობა. ჩვენი პოლიტიკა, მათ შორის რეზერვების დაგროვების თუ რეზერვების გამოყენების პოლიტიკა, არის მიმართული იმისკენ, რომ კურსი იყოს სტაბილური არა მარტო დღეს, არამედ ხვალაც და მომავალშიც. შესაბამისად, ამ ფაქტორებზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებას. თუ ახლა განხორციელდება ინტერვენცია, ამან შესაძლოა, მოკლევადიანი ეფექტი იქონიოს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში უარყოფითი გავლენა მოახდინოს ვალუტაზე”, – განაცხადა არჩილ მესტვრიშვილმა.

ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, 24 ივლისს გაიმართება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და იმ დროისათვის არსებული სიტუაციის შესაბამისად, გადაწყვეტს ეროვნული ბანკი გაამკაცროს თუ არა, მონეტარული პოლიტიკა.

„24 ივლისს გვექნება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და შევხედავთ, იმ დროისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ დავინახავთ, რომ არის მომავალში ფასების ზრდის რისკი, ბუნებრივია, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას, ან თუ დავინახავთ, რომ პირიქით, მოთხოვნის შემცირების გამო შეიძლება საპირისპირო შედეგი მივიღოთ მომავალში, ამ შემთხვევაში შევარბილებთ მონეტარულ პოლიტიკა“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.