არჩილ მესტვირიშვილი - ეროვნული ბანკი წელს ეკონომიკის დაახლოებით ოთხპროცენტიან შემცირებას, მომავალ წელს კი ოთხპროცენტიან ზრდას ელოდება
არჩილ მესტვირიშვილი - ეროვნული ბანკი წელს ეკონომიკის დაახლოებით ოთხპროცენტიან შემცირებას, მომავალ წელს კი ოთხპროცენტიან ზრდას ელოდება

ეროვნული ბანკის წელს ეკონომიკის დაახლოებით ოთხპროცენტიან შემცირებას ელოდება, რაც რეგიონის ქვეყნების ფონზე საკმაოდ კარგი მაჩვენებელია; რაც შეეხება მომავალ წელს, ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ეკონომიკა სავარაუდოდ ოთხი პროცენტით გაიზრდება, -. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციებისაგან მოზიდული სამი მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი განიხილეს. აღინიშნა, რომ დახმარების ნაწილი ეროვნული ბანკის რეზერვების გაზრდას მოხმარდება, ნაწილი კი სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და კერძო სექტორის დახმარებას დააფინანსებს. 

რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას, მესტვირიშვილის თქმით, ეროვნული ბანკი ფაქტობრივად ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს და ვარაუდობს, რომ წელს ეკონომიკა საშუალოდ ოთხი პროცენტით შემცირდება.

„იცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა პროგნოზი თითქმის ყველა ქვეყნისთვის. განვითარებულ ქვეყნებში დაახლოებით ექვსპროცენტიანი შემცირებაა მოსალოდნელი, განვითარებადში მინუს ერთი პროცენტით. საქართველოს შემთხვევაში ეს არის დაახლოებით მინუს ოთხი პროცენტი, რაც პრინციპში იგივეა, რაც ჩვენი პროგნოზი. მომავალ წელს მოველით, რომ ოთხპროცენტიანი ზრდა იქნება. ჯამურად, ველოდებით, რომ ფულადი გზავნილები დაახლოებით 30 პროცენტით შემცირდება, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები დაახლოებით 60 პროცენტით შემცირდება, 20 პროცენტით შემცირდება იმპორტი და დაახლოებით 24 პროცენტით – ექსპორტის შემოსავლები, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად დაახლოებით ოთხპროცენტიან შემცირებას გვაძლევს. ეს რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ რომ შევადაროთ სხვა ქვეყნებს, მეტ-ნაკლებად საშუალო პოზიციაზე ვართ“, – განუცხადა არჩილ მესტვირიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.