არჩილ მესტვირიშვილი - არ დავუშვებთ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური პროცესების განვითარებას, ამისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს
არჩილ მესტვირიშვილი - არ დავუშვებთ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური პროცესების განვითარებას, ამისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს

არ დავუშვებთ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური პროცესების განვითარებას და ამისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ შევხედავთ სავალუტო ბაზარსა და კურსზე მოქმედ ფაქტორებს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს პირველ კვარტალში გაუმჯობესების ტენდენცია ჰქონდა, ამასთან, უმჯობესდება მეორე კვარტალშიც.

„დღეს გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის ინდიკატორი ივნისის თვისთვის, რომელიც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, უმჯობესდება სავაჭრო დეფიციტი, იზრდება ფულადი გზავნილები, თუმცა რუსეთიდან ტურისტებზე ემბარგოს დაწესებამ გაზარდა უარყოფითი მოლოდინები, ასევე შეამცირა ტურიზმიდან შემოსავლები დაგეგმილთან შედარებით, რამაც თავის მხრივ, გავლენა იქონია სავალუტო ბაზარზე. თუმცა, ჩვენი შეფასებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელსაც ვაკვირდებით, უფრო მეტად გაუფასურებულია, ვიდრე ამას საგარეო შოკის ზომა მიუთითებს. შესაბამისად, ინტენსიურად ​ვაკვირდებით სავალუტო ბაზარს. სავალუტო ბაზრიდან საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციაზე ზეწოლა რომ არ დავუშვათ, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, გამოვიყენებთ როგორც სავალუტო ინტერვენციებს, ასევე გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას. არ დავუშვებთ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური პროცესების განვითარებას და ამისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს, მათ შორის რეზერვების დონეც ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ გაზრდილია. მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით სავალუტო ბაზარს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. თუმცა იმის საჯარო ინდიკატორი, რომელიც ახლა ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ჩავერევით და ამ შემთხვევაში არ ჩავერევით, ასეთ ინდიკატორს ვერ გეტყვით. როცა დავინახავთ ამის საჭიროებას და დავინახავთ, რომ მას ექნება დადებითი გავლენა საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენ დავიწყებთ ინტერვენციებს“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.