არჩილ მესტვირიშვილი - 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია დაიწყებს შემცირებას და წლის მეორე ნახევრისთვის მიუახლოვდება სამიზნე მაჩვენებელს
არჩილ მესტვირიშვილი - 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია დაიწყებს შემცირებას და წლის მეორე ნახევრისთვის მიუახლოვდება სამიზნე მაჩვენებელს

2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია დაიწყებს შემცირებას და წლის მეორე ნახევრისთვის მიუახლოვდება სამიზნე მაჩვენებელს, – ამის შესახებ განცხადება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა. მისი თქმით, ინფლაციის ზრდის პროცესი კიდევ რამდენიმე თვეს შენარჩუნდება რის შემდეგაც ინფლაციის მკვეთრი შემცირების მოლოდინები არსებობს.

„ინფლაცია არის დღეს ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამოწვევა ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის. ერთ-ერთი ძირითადი ამის განმაპირობებელი ფაქტორი არის პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკის არათანაბარი ზრდა. ჩვენ მსოფლიოში გვაქვს 2011 წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია ფასები თითმის ორჯერ არის გაზრდილი ნავთობზე გაძვირებულია საერთაშორისო გადაზიდვები და ეს ბუნებრივია აისახა ინფლაციაზე და გამონაკლისი არც საქართველო იყო. საბაზრო ინფლაცია შესაძლოა კიდევ გაიზარდოს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ უკვე მკვეთრად დაიწყება მისი შემცირება. გაზაფხულიდან ჩვენ ველოდებით, რომ ინფლაცია დაიწყებს შემცირებას და უკვე წლის მეორე ნახევარში უკვე იქნება მიზნობრივთან ახლოს“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა.

ცნობისთვის საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 43.0 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული და გაძვირდა. 31.6 პროცენტით გაიზარდა ფასები ზეთსა და ცხიმზე. 19.4 პროცენტით არის ფასები მომატებული პურსა და პურპროდუქტებზე. ხოლო 18.2 პროცენტით გაძვირდა რძე, ყველი და კვერცხი. ხოლო შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე ფასებმა 18.0 პროცენტით მოიმატა. 16.0 პროცენტით გაძვირდა თევზეული. ფასების 13.0-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე. ხორცი და ხორცის პროდუქტები 11.2 პროცენტით გაძვირდა, ხილი და ყურძენი – 9.3 პროცენტით, ხოლო ყავა, ჩაი და კაკაო 6.4 პროცენტითაა გაძვირებული.