არჩილ კალანდია - უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე ვმუშაობთ 
არჩილ კალანდია - უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე ვმუშაობთ 

ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციაზე ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ განუცხადა.

მისი თქმით, ასევე განიხილება ევაკუაციის თურქულ მხარესთან თანამშრომლობით განხორციელების საკითხი.

ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, თურქეთიდან თვითმფრინავი უხანში ჯერ არ ჩასულა.

„თურქეთიდან თვითმფირინავი ჩამოსული არ ყოფილა. ამჟამად ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციაზე ქალაქ უხანიდან და ცხადია, ერთ-ერთ მიმართულებად განიხილება თურქულ მხარესთან თანამშრომლობის შედეგად ამის განხორციელება. თვითმფრინავი ჯერ არ ჩამოფრენილა. ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე. რაც შეეხება იმას, სად გაივლიან კარანტის, ეს დეტალიც განხილვის სტადიაზეა“, – განაცხადა ელჩმა.

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის თვითმფრინავი ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთის 34, საქართველოს შვიდ, ასევე აზერბაიჯანის შვიდ და ალბანეთის ერთ მოქალაქეს თურქეთში ჩაიყვანს. თურქული გამოცემა „ჰურიეთის“ ცნობით, მგზავრებს სპეციალურ ტანსაცმელს დაურიგებენ და ისინი თურქეთის ტერიტორიაზე, 14 დღის განმავლობაში კარანტინში იქნებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ თურქეთთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე.

ამასთან, ელჩი აზუსტებს, რომ ქალაქ უხანში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება.

დატოვე კომენტარი