არჩილ კალანდია – ანკარაში ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდება ის გზავნილები, რომლებიც შეეხება რეგიონის, ქვეყნის უსაფრთხოებას და მიმდინარე აქტუალურ საკითხებს

13:50, 07.07.2026

ანკარაში, ნატო-ს სამიტის პარალელურად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისა და თურქეთის წამყვანი კვლევითი და ანალიტიკური ცენტრის, SETA-ს ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით „მოკავშირეები ანკარაში“, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ განაცხადა.

მისი თქმით, ღონისძიებაზე მიწვეულია საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

„ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ნატო-ს წევრი ქვეყნების მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირები, სადაც განხილული იქნება უსაფრთხოების საკითხები მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი რეგიონი, ასევე ევროპისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოება. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაზე საქართველო მაღალ დონეზეა წარმოდგენილი. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდება ის გზავნილები, რომლებიც შეეხება ჩვენი რეგიონის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და მიმდინარე აქტუალურ საკითხებს“, – განაცხადა არჩილ კალანდიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 7-8 ივლისს ანკარაში გაიმართება ღონისძიება – „მოკავშირეები ანკარაში“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

მსგავსი