არჩილ გორდულაძე – ყურადღებას გავამახვილებთ გვარამიას პარტიის ტყუილებზე – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

21:37, 28.10.2026

გვინდა, საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე ნიკა გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილებისა და მანიპულაციების მხოლოდ მცირე მაგალითებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გორდულაძემ ტყუილი უწოდა გვარამიას პარტიის წარმომადგენლების განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისია პარლამენტში არასწორად იქნა დაკომპლექტებული. ამასთან, აღნიშნა, რომ სარჩელი კონკრეტულ მტკიცებულებებსა და 100-ზე მეტ წყაროზე დაყრდნობით ასაბუთებს ხუთი ოპოზიციური პარტიის მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომლებიც მათი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს.

„ტყუილია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არასწორად იქნა დაკომპლექტებული. სინამდვილეში: საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა დაკომპლექტებული. ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს. სინამდვილეში: სარჩელში დეტალურად, კონკრეტულ მტკიცებულებებზე და სარჩელშივე მითითებულ 100-ზე მეტ წყაროზე დაყრდნობით არის დასაბუთებული, რომ სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში მოქმედებენ, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი და მათი მიზანი საქართველოს წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა იყო“, – განაცხადა გორდულაძემ.

გარდა ამისა, არჩილ გორდულაძის თქმით, სინამდვილეში, მოსარჩელე მხარემ ასაკრძალი პარტიების ნუსხა მათ მიერ განხორციელებული არაკონსტიტუციური ქმედებების საფუძველზე განსაზღვრა.

„ტყუილია, რომ მოსარჩელემ ასაკრძალი პარტიების ნუსხა მხოლოდ იმის მიხედვით გასაზღვრა, რამდენად აქვთ მათ პოტენციალი, გადალახონ საარჩევნო ბარიერი. სინამდვილეში, მოსარჩელემ ასაკრძალი პარტიების ნუსხა მათ მიერ განხორციელებული არაკონსტიტუციური ქმედებების საფუძველზე განსაზღვრა. რაც შეეხება ასაკრძალი პოლიტიკური პარტიის პოტენციალს, გადალახოს საარჩევნო ბარიერი – აღნიშნული ფაქტორი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმის დასადგენად, ასაკრძალი პარტიიდან მომდინარე საფრთხე რამდენად რეალურია. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის საარჩევნო მხარდაჭერის ფაქტორის გათვალისწინება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი პრაქტიკაა“, – განაცხადა მან.

გორდულაძის განმარტებით, სიცრუეა გვარამიას პარტიის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებაც, რომ არ არსებობს სარჩელში მოხსენიებული ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საფუძველი.

„ტყუილია, რომ არცერთი პარტია, რომლის აკრძალვასაც ჩვენ ვითხოვთ, მყისიერ საფრთხეს არ ქმნიან და, შესაბამისად, არ არსებობს მათი აკრძალვის საფუძველი. სინამდვილეში, ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის აკრძალვასაც ჩვენ ვითხოვთ, სწორედ რომ მყისიერ საფრთხეს ქმნის ანტიკონსტიტუციური ქმედებების განსახორციელებლად. კიდევ ერთხელ, ცალსახად უნდა ითქვას, რომ სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში მოქმედებენ, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, უშუალოდ ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ან მხარს უჭერენ და არ ემიჯნებიან ამ ძალადობას. „ნაციონალური მოძრაობა“ უშუალოდ 2012 წლამდე ადამიანის სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმის შემქმნელია, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით დასტურდება. ამ სადისტური რეჟიმის შემქმნელ პოლიტიკურ პარტიას არათუ არ ემიჯნებიან სხვა პოლიტიკური პარტიები, არამედ კოალიციაშიც კი შედიან მათთან ანტიკონსტიტუციური ქმედებების განხორციელების მიზნით. შესაბამისად, მათგან მომდინარე საფრთხე რეალურია“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ამასთან, გორდულაძე ეხმიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნავს, რომ მათი პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხებზე კიდევ ერთი უსუსური მცდელობაა, არ გაეცეს პასუხი ევროსაბჭოს 1633 რეზოლუციასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს.

მისივე თქმით, ის ტყუილს უწოდებს განცხადებას, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პოლიტიკოსების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დადგება და შესაბამის პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური საქმიანობა უვადოდ აეკრძალებათ.

„მოპასუხის განცხადებით, სარჩელში მოყვანილი აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი არ არის. ცალსახად გვსურს განვაცხადოთ – აღნიშნული პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელის მოწერით „ნაცმოძრაობამ“ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები. ერთიც ღალატია და მეორეც.

ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადგება პოლიტიკოსების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და შესაბამის პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური საქმიანობა უვადოდ აეკრძალებათ. სინამდვილეში, ჩვენ არ ვითხოვთ პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ინდივიდუალურად აკრძალვას. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მიემართება. უფრო მეტიც, ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებისა და პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შემთხვევაშიც, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომლითაც პოლიტიკური პარტიები აიკრძალა, ავტომატურად ვერ გახდება ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის საფუძველი. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ცალკეული პოლიტიკოსების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის საფუძველია – აბსურდი და სპეკულაციაა“, – განაცხადა გორდულაძემ.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ოპოზიციის არგუმენტებს პასუხობს. გორდულაძის თქმით, მტკიცება, თითქოს პარტიის შეფასებისას მის წარსულ ქმედებებს მნიშვნელობა არ აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, პარტიისგან მომდინარე საფრთხის შეფასების მთავარი კრიტერიუმი სწორედ მისი წარსულია, ხოლო გვარამიას პარტიის პოზიცია სანქციებსა და უკრაინაში ქართველების გაგზავნაზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი დღესაც არ ემიჯნებიან ნაბიჯებს, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა და ეკონომიკის ჩამოშლა შეეძლო გამოეწვია.

„ტყუილია, რომ კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის აუცილებელია, რომ პარტია შექმნის შემდეგ არ არღვევდეს კონსტიტუციას და მის წარსულს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებს შეიძლება აწყობდეთ თავიანთი წარსულის მიჩქმალვა, მაგრამ მათი თითოეული არაკონსტიტუციური ქმედება კარგად დოკუმენტირებული და დაფიქსირებულია, რაც დეტალურად არის კიდეც სარჩელში ასახული; ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური პარტიისგან მომდინარე საფრთხის რეალურობის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სწორედ მისი წარსულია. თუ პოლიტიკურ პარტიას წარსულში უკვე აქვს დარღვეული საქართველოს კონსტიტუცია და ახლაც  არ ემიჯნება ამ დარღვევებს, მისი მხრიდან იმავეს ჩადენის უფრო მომეტებული საფრთხე არსებობს. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის წარსული ამ შემთხვევაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

გვარამიას პარტია აცხადებს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის მიერთება და უკრაინის ომში ქართველების გაგზავნის მხარდაჭერა არ არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და ეს, არ შეიძლება, პარტიის აკრძალვის საფუძველი იყოს. ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოპასუხეები ახლაც არ ემიჯნებიან იმ ქმედებებს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა და საქართველოს ომში ჩართვა შეეძლო გამოეწვია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამასთან, როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. მისივე თქმით, აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყო.

„დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა, რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას ცდილობდა“, – აღნიშნა გორდულაძემ.

გორდულაძის თქმით, სინამდვილეში, ნიკა გვარამია საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა ქვეყნებს საქართველოს დასანქცირებისკენ მოუწოდებდა.

„ამით მან ფაქტობრივად აღიარა სარჩელში მოყვანილი ფაქტები, დაადასტურა რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტების გასაბათილებლად არგუმენტები და მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს და არ გააჩნია. ამით მან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მისი პარტია არაკონსტიტუციურია. მეტიც, კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი მტკიცება, რომ ამდენი ხნის განმავლობაში „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციის დარღვევაში სდებს ბრალს, ხოლო ჩვენი გუნდი მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატში, სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის უგულებელყოფაში და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაში ვამხელთ და მათ არაკონსტიტუციურობას ვამტკიცებთ. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გასცეს პასუხი რომელი არღვევს კონსტიტუციას.

ნიკა გვარამიას პარტიას სურს, შექმნას იმის ილუზია, თითქოს მისი პარტიის აკრძალვას იმის გამო ვითხოვთ, რომ მან საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა ქვეყნებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. სინამდვილეში, ნიკა გვარამია საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა ქვეყნებს კი არ მოუწოდებდა რუსეთის დასანქცირებისკენ, არამედ საქართველოს. აღნიშნულს კი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლა და საქართველოს ომში ჩართვა შეეძლო გამოეწვია. ამ ყველაფრის ახსნასაც კი გაურბის „ნაცმოძრაობის“ ეს განშტოება. დღეს ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია იმის შესახებ, თითქოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა 2024 წლის ოქტომბრის თვეში სიცრუე იყო.  მეტიც გვარამიას პარტია თავისი არაკონსტიტუციური ქმედებების გამართლებას ჯო ბაიდენის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებითა და ევროპარლამენტის რეზოლუციებით ცდილობდა, იმ რეზოლუციებით, სადაც ცხრა მათგანში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. „ნაცმოძრაობა“ კვლავ თავისას აგრძელებს, საკუთარი ღალატის შენიღბვას კვლავ უკიდურესად მიკერძოებული საერთაშორისო აქტორების ამოფარებით ცდილობს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი