არჩილ გორდულაძე - ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს მედია, მედიის შემოთავაზებული ფორმატებიდან გამომდინარე, ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას და დებატებშიც, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით
არჩილ გორდულაძე - ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს მედია, მედიის შემოთავაზებული ფორმატებიდან გამომდინარე, ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას და დებატებშიც, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით

ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს მედია და მედიის შემოთავაზებული ფორმატებიდან გამომდინარე, ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას და დებატებშიც, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით, – ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, რა პირობებით არის მზად ხელისუფლება დებატებისთვის, რა თემებზე და ვისთან გეგმავს დებატებს.

„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. მათ შორის, საქართველოს პრემიერ- მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წლების განმავლობაში ყველას საჯარო ფორმატში სთავაზობდნენ დისკუსიას, დებატებს და გვახსოვს ორი ადამიანის განცხადება, თანხმობა, კი, ჩვენ მივალთ და დავსხდებით დებატებზეო და რა დღეში ჩააგდეს მერე „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულმა ადამიანებმა. ესეც გვახსოვს, ხომ? ჩვენთვის მთავარი არის, რომ ჩვენ ვესაუბრებით ქართულ საზოგადოებასაც და დისკუსიის ფორმატშიც კიდევ ერთხელ გავიტანთ ნებისმიერ საკითხი. მოდით, ვისაუბროთ ასე, ვნახოთ, რას შემოგთავაზებს მედია და მედიის შემოთავაზებული ფორმატებიდან გამომდინარე, ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას და დებატებშიც, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით“, – განაცხადა გორდულაძემ.

შეკითხვაზე, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს ჰქონდათ დავალება, რათა ყოფილიყო მხოლოდ შეურაცხყოფები, მაყურებელს არ მოესმინა საგნობრივი დისკუსია, შექმნილიყო ხელოვნურად პოლარიზაცია, დაძაბულობა, ქაოსი და ა.შ., რა შეიცვალა წლების შემდეგ დებატების თვალსაზრისით, რადგან ახლა სიტუაცია კიდევ უფრო მეტად არის პოლარიზებული და რას ემყარება მმართველი გუნდის შეთავაზება-წინადადება ოპონენტების მისამართით, გორდულაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისთვის“, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალისთვის, მთავარი არის საქართველოს მოქალაქე.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უშვებს თუ არა მმართველი გუნდი დებატების შესაძლებლობას გიორგი გახარიას პარტიასთან, რადგან ხელისუფლება ამ პარტიის ლიდერს ადანაშაულებს ღალატში და მის მიმართ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული, გორდულაძემ აღნიშნა, რომ გახარიას პარტია, რომელიც შატალოზე იყო, პარლამენტში დაგვიანებით შევიდა, თუმცა ისინი ახლა უკვე არიან პარლამენტში და „ქართული ოცნება“ მათთან დებატებში და პოლემიკაში უკვე არის კომიტეტების სხდომების ფარგლებში.