არჩილ გორდულაძე – ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება, ამაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია
სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გორდულაძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, მოსარჩელე მხარე არ ითხოვს პროდასავლური პარტიების აკრძალვას, არამედ სარჩელით მოთხოვნილია იმ პარტიების აკრძალვა, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
„ტყუილია, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიები ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლას ითხოვდნენ და ამის გამო იკრძალებიან. სინამდვილეში, სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან; ტყუილია, რომ ჩვენ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ. სინამდვილეში, ჩვენ ვითხოვთ იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ; ჩვენ ვითხოვთ იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, რომელმაც 2003-2012 წლებში ადამიანის წამების სისტემური და სისტემატური რეჟიმი შექმნა. ჩვენ ვითხოვთ იმ პარტიების აკრძალვას, რომლებიც ამ სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმის შემქმნელ პოლიტიკურ პარტიას არ ემიჯნებიან და თანამშრომლობენ მასთან; ვითხოვთ იმ პარტიების აკრძალვას, რომლებიც ფეხქვეშ თელავენ საქართველოს სუვერენიტეტს და უმთავრეს კონსტიტუციურ პრინციპს, რომ საქართველოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისივე შეფასებით, ასევე ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება.
როგორც გორდულაძემ განმარტა, კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია.
„სინამდვილეში, პოლიტიკური პარტიები ევროპის საბჭოს წევრ ბევრ ქვეყანაში არის აკრძალული, მათ შორის, გერმანიაში, ესპანეთში, მოლდოვაში, უკრაინაში და ა.შ. კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში არაფერი უჩვეულო ევროპული წესრიგისთვის არ არის. მოპასუხემ აღნიშნა, რომ რამდენიმე პარტიის მიმართ ერთდროულად აკრძალვის პროცედურის დაწყება დასაშვებია. აღნიშნული პოზიცია ეწინააღმდეგება წინა სასამართლო სხდომებზე ნაცპარტიების მიერვე გაჟღერებულ პოზიციას, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ აკრძალვის პროცედურის ერთდროულად წარმოება დაუშვებელია და მისი მაგალითი ევროპულ ქვეყნებში არ ყოფილა.
სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული“, – განაცხადა გორდულაძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მოპასუხის იმ განცხადებაზე, რომ სარჩელში მითითებული ისეთი ფაქტები, როგორებიცაა – წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერორისტული აქტი – სისხლისსამართლებრივი დანაშაულებია და ასეთ ფაქტებს ვერც საგამოძიებო კომისია დაადგენდა, ვერც საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს და ეს გარემოებები გამამტყუნებელი განაჩენით უნდა იქნეს დადგენილი, აღნიშნავს, რომ „ყველა აღნიშნული ფაქტი უკვე დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებით“.
ამასთან, არჩილ გორდულაძემ ვენეციის კომისიის დასკვნასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიამ 2026 წელს დასკვნა სულ სხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე მოამზადა. მისი თქმით, წარმოდგენილი სარჩელი იმ კანონმდებლობას ეფუძნება, რომელიც, მრავალი წელია, მოქმედებს.
გორდულაძის განცხადებით, „კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ არაკონსტიტუციური პარტიების მიერ წარსულში ჩადენილ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეფუძნება“, შესაბამისად, მისივე თქმით, ტყუილია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელის შეტანამდე რეტროსპექტიულად თავად შექმნა ფაქტები და შემდეგ სარჩელი ამ შექმნილ ფაქტებს დააფუძნა.
„მოპასუხე მხარის წარმომადგენელი მოსარჩელეს აკრიტიკებს, რომ მან 1633 რეზოლუციიდან არ მიუთითა ის პარაგრაფები, რომელიც ამავე რეზოლუციის მე-5 და მე-11 პარაგრაფებში ასახულ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო დებულებებს, ქართველი ჯარისჯაცებისთვის ომის დანაშაულის ჩადენის დაბრალებას გადაფარავდა და სხვა დებულებებს თავად ციტირებს, თუმცა მის მიერ მოყვანილ ამ ციტატებშიც კი რუსეთის ქმედება მხოლოდ „საპასუხო იერიშად“ არის მოხსენიებული და ამ ყველაფერს „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა, დღესაც არ ემიჯნებიან“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ტყუილია, თითქოს ეუთო/ოდირ-მა დაასკვნა, რომ 2024 წლის არჩევნები ხალხის ნებას არ ასახავდა, ხოლო პროკურატურის გამოძიება არაფერს ადასტურებს
„მოპასუხის წარმომადგენელმა ეუთო/ოდირ-ის დასკვნის საფუძველზე განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ ასახავდა საქართველოს მოქალაქეთა ნებას. სინამდვილეში, ეუთო/ოდირ-ს არ უთქვამს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები საქართველოს მოქალაქეთა ნებას არ ასახავდა“, – აღნიშნა გორდულაძემ.
მისი თქმით, ეუთო/ოდირ-მა სრულად შეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნები და დაასკვნა, რომ არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო. მისივე განცხადებით, „ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინა და მისიის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე გამოხატა მზაობა არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის“.
გორდულაძემ მოპასუხის განცხადებაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები არაფერს ადასტურებს, განაცხადა, რომ „მოწმეებმა არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები პროკურატურას ვერ წარუდგინეს“.
„პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული იქნა 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება; გამოკითხული იყო 400-მდე პირი; ჩატარებული ექსპერიმენტებით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ იმავე ან სხვადასხვა საარჩევნო უბანზე განმეორებითი ხმის მიცემის შესაძლებლობა; მოწმეებმა არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები პროკურატურას ვერ წარუდგინეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.