არჩილ გორდულაძე – სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული განცხადება ტყუილი, მანიპულაცია იყო, კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს საზოგადოებას, რომელსაც არაერთი ტყუილის მოსმენა მოუწია
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სასამართლოში გაკეთებული თითოეული განცხადება ტყუილი და მანიპულაცია იყო.
გორდულაძის თქმით, საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან მრავალი ტყუილის მოსმენა გახდა საჭირო.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, სასამართლოს რეგლამენტიდან გამომდინარე, ვინაიდან ადგილზე საპასუხო რეაქციის საშუალება არ მიეცათ, გადაწყვიტა, პასუხგაუცემელი არ დაეტოვებინა სიცრუე და მანიპულაცია.
„კიდევ ერთხელ, ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, რომელსაც სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებული არაერთი ტყუილის მოსმენა მოუწია. სასამართლოს რეგლამენტიდან გამომდინარე რადგან არ მოგვეცა საშუალება, შესაბამისი პასუხი გაგვეცა, აუცილებლად მივიჩნიეთ, მხილების გარეშე არ დაგვეტოვებინა სიცრუის ის კორიანტელი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოში დაატრიალა. მათი ნათქვამი, ყველაფერი ტყუილი და მანიპულაცია იყო და ამჯერად მხოლოდ მცირე ნაწილზე გავამახვილებთ საზოგადოების ყურადღებას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კერძოდ, გორდულაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განცხადებას. არჩილ გორდულაძის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარი პრაქტიკით, პარტიის ან მისი წევრების მიერ ძალადობისგან მყისიერად არგამიჯვნა სრულად შეერაცხება პოლიტიკურ ძალას და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს. არჩილ გორდულაძის განმარტებით, ტყუილია, რომ დანაშაულისგან არგამიჯვნა სამართლებრივი აბსურდია.
„სინამდვილეში: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მათ შორის, Refah-ისა და batasuna-ს საქმეში, ერთი პარტიის მიერ, მეორე პარტიის ძალადობრივი ქმედებებისგან არგამიჯვნა, ასევე პოლიტიკური პარტიის მიერ, თავისი წევრების ძალადობრივი ქმედებებისგან მყისიერად არგამიჯვნა, სრულად შეერაცხება იმ პარტიას, რომელიც უარს აცხადებს გამიჯვნაზე. შესაბამისად, არგამიჯვნა კონკრეტული სამართლებრივი შედეგების მომტანია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ
ამასთან, არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნავს, რომ მტკიცება, თითქოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პოლიტიკური თანამშრომლობის გამო ხდება, ტყუილია. გორდულაძის თქმით, პარტიებს პოლიტიკურ თანამშრომლობას არ ედავებიან — საქმე ეხება თანამშრომლობას ქვეყნისთვის საზიანო და არაკონსტიტუციურ ქმედებებში.
არჩილ გორდულაძის თქმით, მიუხედავად კონსტიტუციით დაცული პოლიტიკური თანამშრომლობისა, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო საქმეში თანამშრომლობა პარტიის აკრძალვის საფუძველია.
„ტყუილია, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური პარტიების გაუქმება მათი პოლიტიკური თანამშრომლობის გამო სურს. სინამდვილეში: სარჩელში მითითებულ პარტიებს ჩვენ პოლიტიკურ თანამშრომლობას არ ვედავებით. სარჩელში მითითებულ პარტიას ჩვენ ვედავებით თანამშრომლობას ქვეყნისთვის საზიანო და არაკონსტიტუციური ქმედებების განხორციელებაში. ჩვენი კონსტიტუციით მართლაც არის დაცული პოლიტიკური თანამშრომლობა, მაგრამ დაუშვებელია და პარტიის აკრძალვის საფუძველია თანამშრომლობა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო საქმეში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამავდროულად, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს სასამართლომ ახობაძისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადება დაადასტურა, ტყუილია.
მისი თქმით, არცერთ ინსტანციას მსგავსი ფაქტი არ დაუდგენია და მიუხედავად გამამართლებელი განაჩენისა, ეს არ ნიშნავს ჩადების დადასტურებას. გორდულაძის განმარტებით, ეს მხოლოდ ადასტურებს, რომ ბრალდება იმ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არ დამტკიცდა, რომელიც პრაქტიკაში არსებობს.
„ტყუილია, რომ ახობაძისთვის ნარკოტიკის ჩადება სასამართლომ დაადასტურა.
სინამდვილეში: არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. მართალია, მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი იქნა გამოტანილი, თუმცა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, აღნიშნული მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა იმ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არ დადასტურდა, რომელიც პრაქტიკაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაამკვიდრა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
გარდა ამისა, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ტყუილია, რომ 2025 წელს გამართული აქციები მშვიდობიანი იყო.
„სინამდვილეში – 2025 წელს გამართული შეკრებები იყო ძალადობრივი და შეკრების მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას და ძალადობრივი აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რაც დადასტურებულია მათივე აღიარებებითა და საპროცესო შეთანხმებებით“, – განაცხადა გორდულაძემ.
ასევე, გორდულაძე აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციაზე ბრალი არ ჰქონიათ, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი 9 მილიონ ლარზე მეტის მითვისებისა და გაფლანგვისთვის, რაც ელიტური კორუფციის დამადასტურებელი ფაქტია. გორდულაძის განცხადებით, სააკაშვილი ასევე მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, აგრეთვე, სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეებზე, რა ფაქტებზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადგინა, რომ მართლმსაჯულება კონვენციის შესაბამისად განხორციელდა.
„ტყუილია, რომ „ნაცმოძრაობის“ დროინდელ არცერთ თანამდებობის პირს კორუფციაზე ბრალი წარდგენილი არ ჰქონია. სინამდვილეში: მიხეილ სააკაშვილი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი, 9 მილიონ ლარზე მეტის მითვისებისა და გაფლანგვისთვის. სწორედ ეს არის ელიტური კორუფციის დამადასტურებელი ფაქტი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი, სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ასევე, სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება კონვენციის შესაბამისად განხორციელდა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამავდროულად, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ ტყუილია, თითქოს 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა და მიუხედავად მის ხელში დარჩენილი ბერკეტებისა, „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების განხორციელებისთვის ხელი არ შეუშლია.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან „ქართული ოცნებისადმი“ გამოვლენილი უდიდესი მხარდაჭერის გამო დათმო, ამასთან, სააკაშვილი ხელისუფლების დათმობაში ამერიკელმა სენატორებმა დაარწმუნეს.
„აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების დათმობამდე სააკაშვილი რამდენიმე საათით ადრე ორ ამერიკელ სენატორს შეხვდა, რომლებმაც ის ხელისუფლების მშვიდობიანად დათმობაში დაარწმუნეს. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ სააკაშვილმა ხელისუფლება საკუთარი ნებით დათმო, აბსურდია.
გარდა ამისა, 2012 წლის შემდეგ ვიდრე სააკაშვილი ჯერ კიდე პრეზიდენტის პოსტს მცირე დროის განმავლობაში იკავებდა, მან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში შექმნილი დრაკონული კანონების შეცვლასა და გაუქმებას ითვალისწინებდა, ცამეტი ვეტო დაადო“, – აღნიშნა გორდულაძემ.
გარდა ამისა, არჩილ გორდულაძემ ანა წითლიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ მტკიცება, თითქოს ეუთო/ოდირმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არათავისუფლად და არასამართლიანად შეაფასა, სიცრუეა.
„ტყუილია, რომ ეუთო/ოდირმა თავის დასკვნაში ჩაწერა, რომ საქართველოში ჩატარებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა. სინამდვილეში: ეუთო/ოდირს არ უთქვამს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილაო. პირიქით, ეუთო/ოდირმა სრულად შეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნები და დაასკვნა, რომ არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინა და მისიის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე გამოხატა მზაობა არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძის თქმით, ანა წითლიძე სამაჩაბლოს ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნაზე საუბრობს და სიცრუის ტირაჟირებით აღნიშნავს, რომ ამ ტერიტორიული ერთეულის შექმნას არავითარი კავშირი არ აქვს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან.
გორდულაძის განმარტებით, „ნაცმოძრაობამ“ განსაზღვრა საზღვრები და ოკუპანტი უკანონო ბორდერიზაციას სწორედ ამ ე.წ. საზღვრის გასწვრივ ახორციელებს“.
„სინამდვილეში: საქართველოს კონსტიტუცია ასეთი ერთეულის შექმნის შესაძლებლობას საერთოდ არ ითვალისწინებდა. ნაცმოძრაობამ ზვიად გამსახურდიას მიერ გაუქმებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეული შექმნა, განსაზღვრა საზღვრები და ოკუპანტი უკანონო ბორდერიზაციას სწორედ ამ ე.წ. საზღვრის გასწვრივ ახორციელებს“, – განაცხადა გორდულაძემ.
ასევე, არჩილ გორდულაძე პასუხობს ლევან ბეჟაშვილის განცხადებას და აღნიშნავს, რომ მტკიცება, თითქოს პარტიის გაუქმებისას პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება, სიცრუეა.
მისი თქმით, მოსარჩელეები ითხოვენ მხოლოდ პარტიების აკრძალვას და არა მანდატების გაუქმებას.
გორდულაძე განმარტავს, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიძლება შეუწყდეს და არცერთ შემთხვევაში ავტომატურად.
„ტყუილია, რომ ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, პარტიის აკრძალვის შემთხვევაში პარლამენტის წევრს ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება. სინამდვილეში: პარტიის გაუქმების შემთხვევაში პარლამენტის წევრს ავტომატურად არ უწყდება უფლებამოსილება. ამ შემთხვევაშიც მოსარჩელეები მხოლოდ პარტიების აკრძალვას ვითხოვთ, პარლამენტის წევრების საპარლამენტო მანდატების გაუქმების გარეშე. მეტიც, პარლამენტის წევრს მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება და არცერთ შემთხვევაში ავტომატურად“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.