სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს
საქართველოს მთავრობა პარლამენტს მიმართავს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც მომდევნო კვირაში უახლოეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება, შემდეგ განისაზღვრება შესაბამისი კომიტეტი და ჩატარდება მოსმენები. სამივე მოსმენით საქართველოს პარლამენტი ოთხშაბათს უკვე მიიღებს ინიციატივას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის ახალი კანდიდატიც მომავალ კვირაში იქნება წარდგენილი.
„ჯერ პროცედურულად არის საჭირო, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდეს და დასკვნა დაიწეროს სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომის ნამდვილობის თაობაზე. შემდეგ ეს ყველაფერი წარედგინება პლენარულ სხდომას, ცნობად იქნება მიღებული. შემდეგ უკვე ჩატარდება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომა, სადაც განიხილება კანდიდატი. შემდეგ – ბიურო, შემდეგ – პლენარული სხდომა და უკვე პლენარული სხდომა დაამტკიცებს ახალ კანდიდატს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ამ საკითხს ცნობად მიიღებს“, – აღნიშნა გორდულაძემ.
რაც შეეხება ახალი სახელმწიფო მინისტრის საკითხს, გორდულაძის თქმით, მოხდება საკანონმდებლო ცვლილებების სამი მოსმენით მიღება, პრეზიდენტის ხელმოწერისა და გამოქვეყნების შემდეგ, დღის ბოლო შევა ძალაში. უკვე შემდეგ დღეს იქნება შესაძლებელი, რომ დაინიშნოს მამუკა მდინარაძე ახალ თანამდებობაზე“, – განაცხადა გორდულაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი მდინარაძეს გეკა გელაძე შეცვლის.