არჩილ გორდულაძე - საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა, მაგრამ კანონი არ უნდა დაირღვეს, კანონმდებლობა გავამკაცრეთ და გამარტივებულია ქვეყნიდან არალეგალურად მყოფი პირების გაძევება
საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა და ჩვენ ყველასთვის ვართ ღია, ვინც ჩვენს ქვეყანაში შემოვა, ვუმასპინძლებთ, მაგრამ კანონი არ უნდა დაირღვეს და საქართველოში კანონიერი ვადით უნდა დარჩნენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო ისეთ ადმიანებს მიიღებს, ვინც კანონმორჩილია და პატივს სცემს კანონს, ტრადიციებსა და ქვეყნის წარსულს.
„კანონს ვინც დაარღვევს, მათ მიმართ ის ზონები იქნება გატარებული, რაც ზოგადად ტარდება. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად კანონმდებლობა გავამკაცრეთ, რომლის მიხედვით, გამარტივებულია საქართველოდან არალეგალურად მყოფი პირების გაძევება. საემიგრაციო სამსახური კიდევ უფრო ეფექტიანად მუშაობს. წინა ერთი წლის განმავლობაში იმდენი მიგრანტია გაძევებული, რამდენიც მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში საერთო ჯამში. სპეკულაციები გვესმის, თითქოს კონკრეტული ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული პირების რაოდენობა გაიზარდა, რაც ტყუილია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.