არჩილ გორდულაძე – სამწუხაროა, როცა ევროკავშირის მაღალი დონის სამიტის ფორმატში მოწვევა არ ხდება და ბრიუსელის ბიუროკრატი ცდილობს, ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას ზემოდან უყუროს
სამწუხაროა, როცა ევროკავშირის მაღალი დონის სამიტის ფორმატში მოწვევა არ ხდება და ვინმე, ბრიუსელის ბიუროკრატი ცდილობს, საქართველოსა და ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას ზემოდან უყუროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ევროკავშირისთვის როდესაც საქართველოსთან ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოსთვის ევროკავშირთან ურთიერთობა, დაკავშირებადობის, შუა დერეფნისა და სხვა საკითხებიდან გამომდინარე, არ უნდა დარჩე ისეთ მდგომარეობაში, რომელიც კვლავ საკუთარი თავის დაზიანებისკენ არის მიმართული, რაც არაერთხელ გვინახავს.
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამ ყველაფერს ვხედავთ. შედეგი ის არის, რომ ჩვენ ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყოთ, საკუთარ პოზიციას ვაფიქსირებთ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც შესაბამის ფორმატში მოწვევა არ ხდება და ვინმე, ბრიუსელის ბიუროკრატი ცდილობს, საქართველოსა და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ზემოდან უყუროს“, – განაცხადა გორდულაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების ფორუმსა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველოს შესაბამის დონეზე მიწვევა არ მიუღია, შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენელი მათში მონაწილეობას არ მიიღებს.