არჩილ გორდულაძე - საინტერესოა, ვენეციის კომისია რომელ დაინტერესებულ მხარეებს გულისხმობს, მათ ხომ არა, ვინც აორგანიზებდა ძალადობრივ აქციას და თავად იყო ძალადობის წამხალისებელი?
ვენეციის კომისია დასკვნაში საუბრობს, რომ სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, თუმცა არაფერს ამბობს იმაზე, აქციის მონაწილეთა მხრიდან როგორ გამოიყენებოდა პიროტექნიკა და, მათ შორის, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რითიც ათობით პოლიციელი დაშავდა და დაზიანებები მიიღო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში მთელი პრეისტორია არასწორად არის გადმოცემული.
„შესაბამისად, დანარჩენი მსჯელობა ეჭვს ბადებს, რომ ამ ადამიანებმა ან არ იციან, საქართველოში დეკემბერში რა ხდებოდა, რაც მათ არაკომპეტენტურობას უსვამს ხაზს, ან იციან და ამის მიუხედავად მაინც მოგვიწოდებენ, რომ ე.წ. დაინტერესებულ მხარეებთან გვქონდეს კომუნიკაცია. საინტერესოა, ვენეციის კომისია რომელ დაინტერესებულ მხარეებს გულისხმობს, შემთხვევით მათ ხომ არა, ვინც თავადვე აორგანიზებდა ძალადობრივ აქციას და თავად იყვნენ ძალადობის წამხალისებლები?“ – განაცხადა არჩილ გორუდლაძემ.
მისი თქმით, სამართლებრივ დეტალებზე მსჯელობას აზრიც კი არ აქვს, იმდენად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
„ნებისმიერი ცვლილება, რაც მივიღეთ, სრულად შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან. წესით, ვენეციის კომისია სამართლებრივ დასკვნას უნდა დებდეს, თუმცა ეს დასკვნა არაფერია, თუ არა ოპოზიციურ ნარატივზე აწყობილი პოლიტიკური მანიფესტი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.