არჩილ გორდულაძე - საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, ადამიანი თუ არჩევნებზე რომელიმე პარტიის ნომრით გამოდის, ეს მისთვის ინდულგენცია უნდა იყოს?
არჩილ გორდულაძე - საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, ადამიანი თუ არჩევნებზე რომელიმე პარტიის ნომრით გამოდის, ეს მისთვის ინდულგენცია უნდა იყოს?

საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივი დანაშაულია. დემოკრატიული პრინციპები არ გულისხმობს, რომ ადამიანს, რომელიც ჩართულია პოლიტიკაში, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო არ იქნება.

„ადამიანი თუ პარტიის წევრია და არჩევნებზე რომელიმე პარტიის ფერით თუ ნომრით გამოდის, ეს მისთვის ინდულგენცია უნდა იყოს? არ უნდა იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო არ გვექნებოდა. დემოკრატიული პრინციპები არ გულისხმობს, რომ ადამიანს, რომელიც ჩართულია პოლიტიკაში, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა აქვს. კანონში პირდაპირ წერია, რომ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, რომელსაც შესაბამისი პასუხისმგებლობა აქვს. შესაბამისად, როდესაც დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ადამიანები არ მოდიან, ეს დანაშაულის ნიშნებია. შეგვიძლია, საფრანგეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში ათობით შემთხვევა გავიხსენოთ, სადაც ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებდნენ და დანაშაულები ჩაიდინეს, გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა არადემოკრატიული ქვეყნები არიან? პოლიტიკაში ჩართულმა პირმა ადამიანი რომ მოკლას, უნდა დავიჭიროთ თუ არა? პასუხი არის მარტივი: დიახ. არ აქვს მნიშვნელობა, რა ეწერება ზურგზე, გულთან და რა სიაში იქნება გაერთიანებული. დამნაშავის ადგილი ციხეშია, თუ, რა თქმა უნდა, არ მოინანიებს და შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა შემამსუბუქებელი ღონისძიებები არ იქნება გატარებული“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.