დიდი ბრიტანეთის საელჩომ იცის, რომ ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ თავისუფლად შეეძლო, მიემართა საქართველოს მთავრობისთვის და თუ მის მიერ გაცემული გრანტი იყო ქვეყნის ინტერესებში, მასზე თანხმობას მიიღებდა, მაგრამ საელჩომ ეს არ გააკეთა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„იმდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო გრანტის გაცემა, რომ რამდენიმე დღის მოთმენა შეუძლებელი იყო, რათა შესაბამისი თანხმობისთვის მიემართა საქართველოს მთავრობისთვის და ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაცემას წყვეტენ. შეგვიძლია, გავიხსენოთ საფრანგეთის საელჩოს მოქმედება, როდესაც გრანტების შესახებ კანონში ცვლილება მიიღებოდა მესამე მოსმენით, ვიდრე მიიღებდა საქართველოს პარლამენტი, რამდენიმე წუთით ადრე საფრანგეთის საელჩომ გასცა გრანტები და მისცა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ორ წარმომადგენელს. საელჩოს თუ ჰქონდა კეთილსინდისიერი მიზნები, რომ გრანტის დანიშნულებაც იყოს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისი, რატომ არ მოითმინა, მაგალითად, ერთი დღე, ორი დღე და რატომ არ მიმართა მთავრობას შესაბამისი თანხმობის მისაღებად? პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ აქ სულელი ნამდვილად არავინ არის და არავის აქვს აზროვნების პრობლემა. კონკრეტულ გრანტის როდესაც გასცემს, თუ დონორ ორგანიზაციას აქვს კეთილი ზრახვები, მას, რა თქმა უნდა, მთავრობისგან თანხმობის მიღება არ გაუჭირდება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამ განცხადებით არჩილ გორდულაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას კომუნიკაცია დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან და როგორ შეაფასებს საელჩოს დღევანდელ განცხადებას, სადაც წერია, რომ საელჩო იძულებული გახდა, უკან გაეწვია საგრანტო წინადადება, რომლითაც სურდათ გრანტების გაცემა იმ პროექტებზე, რომელთა მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლების და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგი.
არჩილ გორდულაძის თქმით, საინტერესოა, როგორ გადაწყვიტა ბრიტანეთის საელჩომ, რომელი ორგანიზაციისთვის თუ ფიზიკური პირისთვის მიეცა გრანტი, გამჭვირვალედ ჩატარდა, კონკურსი ჩატარდა, კონკურსის პირობები ვინმესთვის ცნობილი იყო თუ როგორ იყო?
„მაგალითად, პირობითად ვამბობ, მე და თქვენ ან საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, ამ კონკურსში მიეღო მონაწილეობა და მას მიეღო გრანტი? სადმე იყო ცნობილი, რომ აღნიშნული გრანტის გაცემის თაობაზე კონკურსი ტარდებოდა და დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავიანთი ხედვები და გეგმები წარედგინათ? ასეთი რამ არ ყოფილა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, გაიცემა თუ არა ეს თანხმობა, თუ დიდი ბრიტანეთის საელჩო ანალოგიური წინადადებით მიმართავს მთავრობას რამდენიმე დღეში, როცა კანონი ამოქმედდება, არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, რომ ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, გაიცემა თუ არა კონკრეტული გრანტი წარმოუდგენელი და შეუძლებელია.
„პირდაპირ იქნებოდა და საერთოდ არ დასჭირდებოდა კანონმდებელს, მთავრობისთვის მიეცა უფლებამოსილება, კონკრეტული გრანტის თაობაზე მიეღო გადაწყვეტილება. თუ არის ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისი, გაიცემა და თუ არ არის ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისი, მაგალითად, თუ ეს თანხები მიემართება იმისათვის, რომ სიძულვილის კამპანია იყოს წარმოებული ჩვენს ქვეყანაში, არ გაიცემა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, მაგალითად, კანვასის ტრენინგების მიზანი იყო, ადამიანებისთვის მიეცათ საშუალება, თავიანთი პროტესტი თავისუფლად გამოეხატათ, რაშიც პრობლემა არაფერი არ არის და მიზანი არის აბსოლუტურად კეთილშობილური, მაგრამ შინაარსს თუ ვნახავთ, საზოგადოებას ახსოვს, რას ასწავლიდნენ ამ ტრენინგზე, როგორ უნდა გამოეყენებინათ ბულდოზერი აქციების მიმდინარეობისას, როგორ უნდა გამოეყვანათ წყობიდან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და ა.შ.
„სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს რეალობა, და არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა არაერთ ქვეყანაში, რომ ლამაზი სახელით, დასახელებით, მიზნით შეფუთავენ კონკრეტულ გრანტს ან გრანტის მიზნობრიობას და, რეალურად, ეს გრანტი ვის მიემართება, რაში იქნება გამოყენებული და რომელი ადამიანების მიერ, ეს სხვა საკითხია“, – განაცხადა გორდულაძემ.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, დიდი ბრიტანეთის საელჩომ იცის, რომ ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ თავისუფლად შეეძლო, მიემართა საქართველოს მთავრობისთვის და თუ მის მიერ გაცემული გრანტი იყო ქვეყნის ინტერესებში, მასზე თანხმობა მიიღებდა, მაგრამ საელჩომ ეს არ გააკეთა.
„ქართველ ხალხს, შესაძლებელია, დარჩეს იმის აღქმაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბრიტანეთის საელჩოს არ მისცა გრანტის გაცემის შესაძლებლობა და ამ მარტივი ტყუილის დასალაგებლად, პროვოკაციულად, რომ „ტვ პირველს“ და „ფორმულას“ გაეკეთებინათ სიუჟეტები და სიცრუე გაევრცელებინათ, საელჩოს განცხადება ერთ-ერთი ტრიგერის საფუძველი გახდა. ჩვენ ვხედავთ, რომ საელჩოები, იქნება ეს საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის თუ გერმანიის, განსაკუთრებით ბოლო ხანებში, და, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლობაც, პირდაპირ არიან ჩართული და მცდელობები აქვთ, ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში. მათ მიერ გაკეთებული განცხადებები და დაფინანსებული აქტივობები პოლიტიკური შინაარსის არის, რაც ვენის კონვენციით აკრძალულია. ახლაც საელჩოს განცხადება იქნა გამოყენებული, რომ ფეიკი გავრცელებულიყო და საზოგადოებაში მღელვარება ყოფილიყო“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
