არჩილ გორდულაძე – რაც არ უნდა მოხდეს, საქართველოს ხელისუფლებაა გარანტი, რომ მოქალაქეებს სოციალური პრობლემა არ შეექმნება

12:52, 27.07.2026

რაც არ უნდა მოხდეს, საქართველოს ხელისუფლებაა გარანტი, რომ მოქალაქეებს სოციალური პრობლემა არ შეექმნება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძემ კომენტარი გააკეთა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია „ინტერ რაოს“ დასანქცირებასთან დაკავშირებით.

„2007 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სტრატეგიული ობიექტები გაყიდა, „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“. აგვისტოს ომის შემდეგ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიყიდეს. საქართველოს რკინიგზის გაყიდვასაც კი აპირებდნენ, ქვეყნის ხერხემლის. ამ დროს კახა ბენდუქიძე ამბობდა, რომ ყველაფრის გაყიდვა შეიძლებოდა, სინდისის გარდა. როგორც აღმოჩნდა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სინდისიც გაყიდა, რადგან ახლა ცდილობენ, რომ მათ მიერ ჩადენილი ქმედებებით ხელი „ქართულ ოცნებას“ შეაწმინდონ. ამბობენ, 14 წლის მანძილზე ის ხელშეკრულება რატომ ვერ შეწყვიტეთ, რომელიც ჩვენ თვითონ დავდეთო. ეს ადამიანები ამ მარაზმში არიან გადაცვენილები.

რაც არ უნდა მოხდეს, საქართველოს ხელისუფლებაა გარანტი, რომ მოქალაქეებს სოციალური პრობლემა არ შეექმნებათ. ხშირ შემთხვევაში ისეთი ხელშეკრულებებია, რომ მათი დარღვევა საქართველოს ინტერესების დაზიანებას გამოიწვევს. ამიტომ სახელმწიფოს ბალანსის დაჭერა უწევს სახელმწიფოს ინტერესებსა და სახელშეკრულებლო ვალდებულებებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ობიექტები სახელმწიფოს დაუბრუნდეს, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ თითოეული ადამიანის ინტერესი არ დაზიანდეს“, – განაცხადა გორდულაძემ.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია „ინტერ რაოს“ (Inter RAO UES) სანქციები დაუწესა. Inter RAO UES-ი ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V.-ის 100 %-იანი წილის არაპირდაპირი მფლობელია. თავის მხრივ, Silk Road Holdings-ი კომპანია „თელასის“ აქციათა 75.108%-ს და კომპანია „თელმიკოს“ აქციათა 75.471%-ს პირდაპირ ფლობს. ამასთან, Inter RAO UES-ი ასევე ნიდერლანდებში რეგისტრირებული Gardabani Holdings B.V.-ის 100%-იანი წილის არაპირდაპირი მფლობელია. Gardabani Holdings-ი კი, თავის მხრივ, პირდაპირ სრულად ფლობს „ხრამჰესი I“-სა და „ხრამჰესი II“-ს.  „თელასი“ და „ხრამჰესი 1/2“ Inter RAO UES-მა წინა ხელისუფლებების დროს, 2003 და 2011 წლებში შეიძინა.

მსგავსი