არჩილ გორდულაძე – მთავარი კითხვა არა აგენტურის, მათი პატრონების მიმართაა, რით ვერ დაიმახსოვრეს, რომ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ ადამიანებს ქართული საზოგადოება ხელისუფლებას არასოდეს ანდობს
„ნაცმოძრაობაში“ ერთმანეთი ეზიზღებათ. ანა წითლიძემ ნიკა გვარამიას მიმართ პროკურატურის ბრალი და სასამართლოს გადაწყვეტილება დაადასტურა, რომელმაც თქვა, რომ ეს ადამიანი „რუსთავი 2“-ს ძარცვავდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ანა წითლიძე მართლსამჯულებას ეთანხმება, რომ ნიკა გვარამიამ ეს ტელევიზია გაძარცვა.
„ასეთი დაპირისპირების დროს სიმართლე წამოცდებათ ხოლმე, რაც კარგია, რადგან ხელისუფლების მიერ მხილებული „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის სიმართლეა, მათ მხარეს კი, მხოლოდ აგენტურაა. მნიშვნელობა არ აქვს, „ალიანსი“ და გაერთიანება ერქმევა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და რამდენად იქნებიან დაქსაქსული პარტიული ნიშნების ქვეშ, პატრონების დავალების შესაბამისად ერთიანდებიან. თან ისე, რომ მათ არათუ კითხვის დასმის, განცხადებაში წერტილ – მძიმის შეცვლის უფლებაც არ აქვთ. ამის მაგალითი უკვე ვიხილეთ. მთავარი კითხვა არის არა ამ აგენტურის, არამედ პატრონების მიმართ – რით ვერ დაიმახსოვრეს, რომ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ ადამიანებს ქართული საზოგადოება ხელისუფლებას არასოდეს ანდობს. ამ მოღალატეთა გაერთიანებას არანაირი პერსპექტივა არ აქვს„, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.