არჩილ გორდულაძე - მოვუწოდებთ ყველას, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანად, არც კი დაუშვან დანაშაულის ჩადენა, კანონდარღვევაზე პასუხისმგებლობა იქნება ადეკვატური, როგორც შეეფერება ღირსეულ ქვეყანას
მოვუწოდებთ ყველას, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან გარემოში, არც კი დაუშვან დანაშაულის ჩადენა, რადგან ყველა კანონდარღვევაზე პასუხისმგებლობა იქნება ადეკვატური, როგორც შეეფერება ღირსეულ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების ბლოკირება დანაშაულია.
„ამ ადამიანებს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ, რას აპროტესტებენ, მაგრამ რა ქნან, ასეთი დავალება აქვთ და გამოდიან ქუჩებში, მათ შორის მშვიდობიან ხალხს დაძინების საშუალებასაც არ აძლევენ. ბევრი ვიდეოც ვრცელდება სოციალურ ქსელში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ აზრი არ აქვს, ამ ადამიანებს არაფრის გაგონება უნდათ. ამავდროულად, უნდა მოვუწოდოთ და ცალსახად ვუთხრათ, რომ არ შეიძლება კანონის ისეთი უხეში დარღვევა, რასაც აპირებენ დღის განმავლობაში. კანონში ცალსახად წერია, რომ სტრატეგიული, მნიშვნელოვანი ობიექტების ბლოკირება დანაშაულია და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. აბსოლუტური ტყუილია ნაცადვოკატის განცხადება, სადაც სამართლებრივ სიგიჟეზე საუბრობს და ამით ცდილობს, ადამიანები მოატყუოს, ვითომ არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა გზების, ესტაკადების, ასევე სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებისათვის. მათ შორის, ეს შეიცავს ისეთ მოწოდებას, რომელიც შეიძლება ხელს უწყობდეს, რომელმაც წააქეზოს და წაახალისოს დანაშაული. შესაბამისად, ყველა ადამიანს მოვუწოდებთ, კარგად გაერკვნენ, იყვნენ ინფორმირებული. პროტესტის გამოხატვა თუ უნდათ, გამოხატონ მშვიდობიან გარემოში, ამავდროულად, არც კი დაუშვან, გულშიც არ გაივლონ დანაშაულის ჩადენა, რადგან ეს მკაცრად ისჯება კანონმდებლობის შესაბამისად. პასუხისმგებლობა ყველა კანონდარღვევაზე, მათ შორის, დანაშაულზე იქნება ადეკვატური, ისე, როგორც შეეფერება ღირსეულ და სამართლიან ქვეყანას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.