არჩილ გორდულაძე – მედიასთან დაკავშირებული კანონპროექტების მიზანია პრევენცია და პასუხი შესაბამის დარღვევაზე, აუცილებელია, ქმედითი მექანიზმი იყოს საკანონმდებლო ჩარჩოში გათვალისწინებული

14:40, 03.03.2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მედიასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს აქვს ორი მიზანი, პრევენცია და პასუხი შესაბამის დარღვევაზე.

გორდულაძის თქმით, აუცილებელია, ქმედითი მექანიზმი იყოს საკანონმდებლო ჩარჩოში გათვალისწინებული და სწორედ ამიტომ მოხდება ბრიტანული მოდელის საქართველოში გადმოტანა.

„„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ორი ინიციატივის მიზანია, ერთი მხრივ, ბრიტანული მოდელის გადმოტანა ქართულ რეალობაში, რომელიც ახლაც მოქმედია. მაუწყებლები ვალდებული არიან, ინფორმაცია ჯეროვნად გაავრცელონ, იყოს უზრუნველყოფილი მიუკერძოებლობა და დაცული იყოს ფიზიკური პირის უფლებები, პირად ცხოვრებაში ჩარევის დაუშვებლობა. მაგრამ ეს ყველაფერი, თვითრეგულირებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პრაქტიკაში არ მოქმედებს და აუცილებელია, ქმედითი მექანიზმი იყოს საკანონმდებლო ჩარჩოში გათვალისწინებული, ისევე როგორც ეს დიდ ბრიტანეთშია. აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ თვითრეგულირების საკითხებს დაქვემდებარებული თემები გადაგვაქვს კომუნუკაციების ეროვნული კომისიის განსახილველად. ამავდროულად, ვიცით, რა ინფორმაცია ვრცელდება USAID-თან დაკავშირებით. ვიცით, რომ USAID აფინანსებდა სხვადასხვა ქვეყანაში 6 ათასზე მეტ ჟურნალისტს და სხვადასხვა მაუწყებლობას და მაუწყებელს, მათ შორის სტრატეგიული დუმილის ვალდებულებასაც კი უდებდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ეს ქვეყანაში აჩენს შესაძლებლობას, რომ გაიზარდოს პოლარიზაცია და ამ ყველაფრის პრევენციის მიზნით უცხოური დაფინანსებები მაუწყებლებისთვის აიკრძალება.

რაც შეეხება კომერციულ რეკლამას, თანამედროვე გარემოდან გამომდინარე, დასაშვები და შესაძლებელი იქნება, საქართველოში მოქმედ მაუწყებლებსაც თავიანთი დაფინანსების წყაროდ ჰქონდეთ საქართველოში მიღებული თანხები. რაც შეეხება უცხოეთიდან – მხოლოდ და მხოლოდ რეკლამებთან დაკავშირებული საკითხებიდან გამომდინარე. კანონს აქვს ორი მიზანი, პრევენცია და პასუხი შესაბამის დარღვევაზე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები არ ეხება არც გაზეთებს და არც ონლაინმედიას, რადგან მაუწყებლის შესახებ კანონის მოქმედი რედაქცია გაზეთებზე და ონლაინ მედიებზე საერთოდ არ ვრცელდება.

„ამავდროულად, ონლაინმედია ანალოგიურად ინფორმაციის მიღების წყაროა და მომავალში, შესაძლებელია, გაგრძელდეს მსჯელობა, რომ ინფორმაციის მიღების წყარო თუ ერთ შემთხვევაში მაუწყებელია და მეორე შემთხვევაში – ონლაინმედია, ლოგიკურია, რომ ორივე შემთხვევაში ჯეროვანი ინფორმაციის მიღების, ფაქტების გავრცელებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ორივე წყაროდან სწორი და სტანდარტის შესაბამისი ინფორმაცია მიიღოს. რაც შეეხება ჯარიმას ან სხვა სახდელებს, ამ საკითხზე ჩვენი ცვლილება არავითარ სიახლეს არ მოიცავს. მაუწყებლობის შესახებ კანონით რა პასუხისმგებლობებიც არის გათვალისწინებული, იგევე პასუხისმგებლობები გავრცელდება დარღვევებთან დაკავშირებით. იქნება პირველ რიგში გაფრთხილება, შემდეგ – ჯარიმა, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარე სასამართლოში გასაჩივრდება. ამავდროულად, სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს კომუნიკაციების ერივნული კომისიის მიერ მიღებული აქტის მოქმედებას, გარდა იმ შემთხვებისა, თუ ეს ეხება ავტორიზაციის შეჩერებას და ვიდრე არ იქნება სასმართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, ასეთი რამ პრაქტიკაში ვერ იმუშავებს. ჯარიმის ოდენობას რაც შეეხება, ეს უკვე კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაა – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თვითონ, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჯარიმის ოდენობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი