არჩილ გორდულაძე - მძიმეა აგენტის ბედი, ვისაც პატრონების დაკრულზე უსიტყვოდ ცეკვა უწევს, არახალია, რომ ოპოზიციაში ერთმანეთი ნაგინები ჰყავთ, თუმცა როცა დავალებას იღებენ, ერთიანდებიან ხოლმე
ქართული პოლიტიკის „გიგანტები“, ხაბეიშვილი იქნება თუ სანიკიძე, რას იტყვიან სალომე ზურაბიშვილზე და შემდეგ ის მათ რას უპასუხებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის მცდელობა, დაიდგას შოუ და სპექტაკლი, თითქოს „ნაცკლასტერში“ გაერთიანებულ ადამიანებს რაღაც საკითხებზე დაპირისპირება აქვთ. რეალურად, ეს ყველაფერი თვალებში ნაცრის შეყრაა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები, ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენების მიუხედავად, როცა დავალებებს იღებენ, მაშინ ერთიანდებიან და მათ ქმედებაში ახალი არაფერია.
„არახალია, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ და ერთმანეთი ნაგინები ჰყავთ, თუმცა როცა დავალებას იღებენ, მშვენივრად ერთიანდებიან ხოლმე. ამის კლასიკური მაგალითია ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის „შეკრული“ და „ურყევი“ ერთობა. კარგად გვახსოვს, ამ ადამიანებმა ერთმანეთი როგორ ლანძღეს, თუმცა ერთმანეთს აპატიეს შეურაცხყოფა და საზოგადოების წინაშე, როგორც გულითადი მეგობრები, ისე წარდგნენ. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი დავალება იყო. ჰქონდათ დავალება, რომ უნდა მომხდარიყო „ნაცკლასტერში“ შემავალი პარტიების გაყოფა, რათა ამომრჩეველი შეცდომაში შესულიყო, არჩევანი ვერ გაეკეთებინა და როგორმე ხელისუფლებაში „ნაცკლასტერი“ მოსულიყო. აგენტის ბედი მძიმეა – იმ ადამიანების, ვისაც თავიანთი პატრონების დაკრულზე უსიტყვოდ ცეკვა უწევთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გუშინ, ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „რა არის, ბიჭო, რას ჩაებღაუჭეთ ამ თანამდებობებს, წარმოუდგენელია, ეგოს გამო პოლიტიკოსი პოლიტიკოსს არ ელაპარაკებოდეს, ერთმანეთს თუ არ დაველაპარაკებით, კოალიციური ხელისუფლება როგორ უნდა ყოფილიყო?“ ამასთან, ხაბეიშვილმა სალომე ზურაბიშვილთნ დაკავშირებით აღნიშნა: „მილიონჯერ თავს ვიკავებდი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რადგან ერთობა მნიშვნელოვანია, არ დავაზიანოთ. ახლა გამოვიდა და ერთიანობა ყოფილა ცუდი, თურმე დაქსაქსულობა ყოფილა კარგი. თურმე ერთიანობა ყოფილა „შემოგდებული“ თემა, დაქსაქსულობა ყოფილა ქვეყნის, ხალხის მოთხოვნა. მართლა რა სისულელეა, ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი“.
ამავდროულად, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და განაცხადა: „სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია, რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?“