არჩილ გორდულაძე - მაიკლ ო'ფლაერტი ის ადამიანია, რომელიც ითხოვდა, გაუქმებულიყო ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი, მისი კრიტიკა დაცლილია სამართლებრივი ნაწილისგან
მაიკლ ო’ფლაერტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარია და, წესით, ადამიანის უფლებებში კარგად უნდა ერკვეოდეს. ეს ადამიანი თავის განცხადებებში კონკრეტული უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძემ კომენტარი გააკეთა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის განცხადებაზე, სადაც აღნიშნავს: „საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე“.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია პოლიტიკური შეფასებებიც ჰქონდეს, მაგრამ როდესაც ადამიანის უფლებებზეა საუბარი, მთავარი არის სამართლებრივი ნაწილი.
„ჩვენ ვერსად ვნახეთ და ვერც ვნახავთ ვერცერთ სამართლებრივ ნაწილს, რადგან ასეთი კანონმდებლობაში არ არის. ვერანაირი კრიტიკა სამართლებრივ ნაწილში ვერ იქნებოდა, რადგან ჩვენ მიერ მიღებული თითოეული საკანონმდებლო ცვლილება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებების ევროპულ ქარტიასთან. ო’ფლაერტი ის ადამიანია, რომელმაც 2024 წელს, სხვადასხვა დროს რამდენჯერმე, როგორც განცხადებებით, ასევე წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ითხოვდა, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი გაუქმებულიყო, რადგან თურმე ეს არის ადამიანის უფლებების შემზღუდავი.
მარტივი კითხვაა: ო’ფლაერტი ითხოვდა თუ არა, კანონით არ ყოფილიყო აკრძალული და, შესაბამისად, დაშვებული ყოფილიყო სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა? ითხოვდა თუ არა, რომ ამ თემის წარმომადგენლებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, ბავშვები აეყვანათ? ითხოვდა თუ არა, რომ ჩანაწერი, რომ ინცესტი აკრძალულია, ამოღებული ყოფილიყო და გაუქმებულიყო? დიახ, ეს ადამიანი ამ ყველაფერს ითხოვდა. ამ ყველაფრის შემდეგ მისი ნებისმიერი განცხადება, ე.წ კრიტიკა სრულად დაცლილია სამართლებრივი ნაწილისგან და მიმართულია მხოლოდ იმ პოლიტიკის განსახორციელებლად, რომელიც, სამწუხაროდ, დაბუდებულია ევროკავშირის მასშტაბით, რომელსაც ცრუ და ნეოლიბერალური, მათ შორის, ადამიანის უფლებების სრულად ფეხქვეშ გათელვის და სეგრეგაციის მცდელობის პოლიტიკა ჰქვია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.