არჩილ გორდულაძე – „იგლ ჰილსის“ პროექტით საქმე გვაქვს უპრეცედენტო ინვესტიციასთან, ამ პროექტის წინააღმდეგ შეკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ყველაფერ სასიკეთოს, რაც ამ ქვეყანაში კეთდება

20:10, 12.09.2026

„იგლ ჰილსის“ პროექტის საწინააღმდეგოდ კამპანიები მართეს, თვეების განმავლობაში აორგანიზეს აქციები და საბოლოოდ, ვნახეთ ერთი დიდი კრახი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძემ კომენტარი გააკეთა „იგლ ჰილსის“ პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით დღეს გამართულ აქციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „იგლ ჰილსის“ პროექტი არამხოლოდ ერთი კონკრეტული ადგილის ან ადგილების განვითარებაზე არის ორიენტირებული, არამედ აქვს უდიდესი ეკონომიკური გავლენა საქართველოსთვის.

„საზოგადოება ბრძენია და არჩევს, თუ რა არის ამ ქვეყნისთვის სასიკეთო და რა არის უარესი. ზუსტად ამიტომ არის, რომ 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა. ეს არის ის ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ყველაფერ სასიკეთოს, რაც ამ ქვეყანაში კეთდება ან სამომავლოდ არის დაგეგმილი.

რაც შეეხება თავად „იგლ ჰილსის“ პროექტს, როდესაც საქმე გვაქვს უპრეცედენტო ინვესტიციასთან, რომელიც არამხოლოდ ერთი კონკრეტული ადგილის ან ადგილების განვითარებაზე არის ორიენტირებული, არამედ აქვს უდიდესი ეკონომიკური გავლენა ჩვენი ქვეყნისთვის, რამდენადაც ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ კამპანიები მართეს, თვეების განმავლობაში აორგანიზეს აქციები და საბოლოოდ, ვნახეთ ერთი დიდი კრახი. ასეთი კრახისთვის არის განწირული ყველა ამ ქვეყნისთვის საუარესოდ მოფიქრალი. ქართული საზოგადოება კი, ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ პროექტებს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, იყოს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა. ეს ყველაფერი თავისთავად შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და თითოეული ადამიანისთვის იქნება ხელშესახები წინსვლის წინაპირობა“, – განაცხადა გორდულაძემ.

მსგავსი