არჩილ გორდულაძე - გიორგი გახარიას რა დავალებაც ექნება, იმას გააკეთებს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეეცდება, თავისი ამომრჩეველი მოატყუოს
გახარია არის ცრუპენტელა ადამიანი, რომელიც უცხო ძალების დავალებებს ასრულებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„გიორგი გახარია თავად არაფერს წყვეტს და რა დავალებაც ექნება, იმას გააკეთებს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეეცდება, თავისი ამომრჩეველი მოატყუოს. ვინც მას მხარი დაუჭირა, კარგად უნდა დაფიქრდნენ, ხმას ვის აძლევენ. გახარია არის ცრუპენტელა ადამიანი, რომელიც უცხო ძალების დავალებებს ასრულებს. ეს ყველაფერი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კარგად წარმოჩინდა. ეს ის ადამიანია, რომელიც, სამწუხაროდ, ისეთ მოცემულობას ქმნიდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ოკუპაციის თვალსაზრისით ტერიტორიები კიდევ დაკარგა“, – განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, გიორგი გახარია თავის უწყებებს ვერც მართავდა და ამავე დროს, მისი ქმედებები ქვეყნის ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა.
„მისი თითოეული ნაბიჯი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ეს ადამიანი უცხოური ძალების მიერ არის მართული. მას ხან ახსოვს, რაც მისთვის ხელსაყრელია და ხან – არა. ფაქტია, რომ ეს ადამიანი ცრუპენტელა, ერთ-ერთი აგენტია კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. საზოგადოებამ მხარი არ უნდა დაუჭიროს იმ ადამიანს, რომელიც ტყუილებში არაერთხელ ამხილეს“, – აღნიშნა გორდულაძემ.