არჩილ გორდულაძე - გარედან დაფინანსებული ადამიანები სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას თუ მიაყენებენ, ეს დონორების პასუხისმგებლობაც არის, თუმცა ერთი სიტყვა ვერ ვათქმევინეთ
გარედან დაფინანსებული ადამიანები სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას თუ მიაყენებენ, ეს დონორების პასუხისმგებლობაც არის, თუმცა ერთი სიტყვა ვერ ვათქმევინეთ ვერცერთ დონორს, ვერცერთ საელჩოს წარმომადგენელს, ვერცერთ ორგანიზაციას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, გორდულაძემ მოიყვანა გერმანიის მაგალითი, რა რეაგირება მოჰყვა სოციალურ ქსელში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამს.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ადამიანი ადამიანია გერმანიაშიც და საქართველოშიც.
„ვრცელდება ინფორმაცია, მათ შორის „ჟურნალისტებიც“, დაინტერესებული ჟურნალისტებიც აკეთებენ განცხადებებს და სვამენ კითხვებს საჩივართან დაკავშირებით, რომელიც ეხება ადამიანების შეურაცხყოფას, მათზე გადაკიდებას, ლანძღვა-გინებას. მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში, პლატფორმა X-ზე გაკეთებული განცხადების გამო, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს უწოდეს მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი, 58 წლის მამაკაცი პასუხისგებაში მიეცა და ჯარიმა იქნა გამოყენებული. თურმე, რაც დასაშვებია გერმანიაში, აკრძალული უნდა იყოს საქართველოში. ყველამ კარგად დავიმახსოვროთ, რომ ადამიანი ადამიანია გერმანიაშიც და საქართველოშიც. ადამიანის უფლებები გერმანიაშიც არის დაცული და საქართველოშიც უნდა იყოს დაცული. ახლა გარედან დაფინანსებული ადამიანები, პირდაპირ დავალებამიღებულები სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას თუ მიაყენებენ, ეს, რეალურად, მათ პასუხისმგებლობასთან ერთად, დამფინანსებლების, ე.წ. დონორების პასუხისმგებლობაც არის. ამ ადამიანებს საერთოდ არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება, ხშირად წამქეზებლები უფრო არიან. ერთი სიტყვა ვერ ვათქმევინეთ ვერცერთ დონორს, ვერცერთ საელჩოს წარმომადგენელს, ვერცერთ ორგანიზაციას, ე.წ. ადამიანის უფლებების დაცვა რომ უწერიათ დიდი ასოებით წესდებებში. არად დაგიდევენ არც ბავშვის, არც ქალის, არც მამაკაცის, ზოგადად, ადამიანის უფლებებს, მაგრამ სხვა ადამიანების შეურაცხყოფებით კი არიან გამორჩეულები. შესაბამისად, ახლა ამ ადამიანებმა კარგად გაითავისონ, რა არის მათი ქმედება, მათი დარღვევა და, პირველ რიგში, თავი გააკონტროლონ. დაიმახსოვრონ, რომ ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.