არჩილ გორდულაძე - „ფარა“ როცა ამოქმედდება და ოდიოზურ „ენჯეოებს“ ეცოდინებათ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება, დაეკისროთ, დაფიქრდებიან, ვიდრე კანონდარღვევაზე წავლენ
არჩილ გორდულაძე - „ფარა“ როცა ამოქმედდება და ოდიოზურ „ენჯეოებს“ ეცოდინებათ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება, დაეკისროთ, დაფიქრდებიან, ვიდრე კანონდარღვევაზე წავლენ

ე.წ. მდიდარი და ოდიოზური „ენჯეოები“ მიზნად ისახავენ, რომ თავიანთი რეგისტრაცია უცხოეთში გააკეთონ – უცხოურ ძალად რეგისტრირდებიან. „ფარა“ როცა ამოქმედდება, ასეთი ორგანიზაციები პრინციპალად ჩაითვლებიან, ხოლო მათ მიერ დაფინანსებული და გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები თუ იურიდიული პირები პრინციპალის აგენტები იქნებიან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ამა თუ იმ ფორმით საზოგადოების წინაშე იმის დასაბუთება მოუწევთ, თანხები ან საიდან მოდის, ან რაში ხარჯავენ.

„„ფარა“ უმკაცრესია, რომელიც ამერიკელებმა თავიანთი სუვერენიტეტის დასაცავად და იმ თანხების გამჭვირვალობისთვის მიიღეს, რომელიც ამერიკაში შედიოდა და შედის. ეს კანონი მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი გაძლიერდეს. რა მოახდენს დარღვევების პრევენციას? ეს არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რაც ამერიკაში მოქმედებს. ანალოგიურად გადმოღებულია, გადმოქართულებულია ნორმა „სისხლის სამართლის კოდექსში“, რომელიც პრევენციას მოახდენს. ოდიოზური არასამთავრობო ორგანიზაციები ამხელა თანხებს იღებდნენ და შემდეგ რაში ხარჯავდნენ, ნელ-ნელა ვხვდებით. ამ ადამიანებს თავიანთი ფინანსების გასაჯაროება არ უნდათ, მათ შორის, ჯარიმებზეც არიან წამსვლელი. როცა იციან, რომ კანონდარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ, კარგად დაფიქრდებიან, ვიდრე კანონის დარღვევაზე წავლენ. ე.წ. მდიდარი და ოდიოზური „ენჯეოები“ მიზნად ისახავენ, რომ თავიანთი რეგისტრაცია უცხოეთში გააკეთონ – უცხოურ ძალად რეგისტრირდებიან. „ფარა“ როცა ამოქმედდება, ასეთი ორგანიზაციები პრინციპალად ჩაითვლებიან, ხოლო მათ მიერ დაფინანსებული და გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები თუ იურიდიული პირები პრინციპალის აგენტები იქნებიან. ანუ, პასუხისმგებლობას მაინც ვერ გაექცევიან – ან პრინციპალის აგენტად დარეგისტრირდებიან, ან პრინციპალად. ამა თუ იმ ფორმით საზოგადოების წინაშე იმის დასაბუთება მოუწევთ, თანხები ან საიდან მოდის, ან რაში ხარჯავენ“, – განაცხადა გორდულაძემ.