არჩილ გორდულაძე – ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა დანაშაული და აღიარა, ან არ ჩაუდენია და სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება, ორივე კონსტიტუციის დარღვევაა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ჩაიდინა დანაშაული და აღიარა, ან არ ჩაუდენია და საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა ომის დაწყება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
გორდულაძის თქმით, ერთიც კონსტიტუციის დარღვევაა და მეორეც, მით უმეტეს, მაშინ როდესაც დღემდე არ ემიჯნებიან რეზოლუციას და აცხადებენ, თითქოს საქვეყნო საქმე გააკეთეს.
„ოკუპანტმა ქვეყანამ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა ეს რეზოლუცია, რომელსაც რუსეთის ფედერაციამ მხარი არ დაუჭირა სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, მათ შორის ამ რეზოლუციის მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტებში აღნიშნული ჩანაწერის გამო. მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს პირდაპირ არ შეუფასებია ომის დაწყების დეტალები, ოკუპანტი ქვეყანა სწორედ ამ რეზოლუციას იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ. მეორე მხრივ, საკუთარ სამხედროებს დააბრალა და კითხვის ნიშანი გააჩინა, რომ მათ, შესაძლებელია, დარღვეული ჰქონდეთ ჰუმანიტარული სამართალი და ჩადენილი ჰქონდეთ ომის დანაშაულები. ამ ყველაფერს მათ მხარი დაუჭირეს“, – აღნიშნა გორდულაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური ძალა კითხვის ნიშანსაც რომ ტოვებს, თითქოს საკუთარ სამხედროებს, შესაძლებელია, ომის დანაშაული ჩაედინათ, ეს არის კონსტიტუციის მთავარი დებულებების, მთავარი სულისკვეთების ფეხქვეშ გათელვის მცდელობა.
„სტრასბურგის სასამართლო მიუთითებს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, გავარკვიოთ, ომის დღეებში, 12 აგვისტომდე პერიოდში, რა მოქმედებები ვითარდებოდა და ადამიანის უფლებებს ვინ არღვევდა, მაგრამ ამ საქმის განხილვის დროს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები ამ რეზოლუციას იყენებდნენ მტკიცებულებად საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, თითქოს საქართველომ დაარღვია ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები, ჩაიდინა ომის დანაშაულები. მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და „ქართულმა ოცნება“ წარმოადგენს სახელისუფლებო პარტიას, ჩვენ შევძელით, რომ იმ უმნიშვნელოვანეს საქმეზე, რომელსაც ჰქვია „აგვისტოს ომის საქმე“, დაგვედასტურებინა, რომ არათუ 2008 წელს, არამედ 1990-იანი წლებიდან დღევანდელ დღემდე ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კი არც მტკიცებულებები იყო წარდგენილი და უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებაზე საერთოდ საუბარი არ იყო.
რაც მთავარია, მათ მიერ 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერა გამოყენებული იქნა ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან. მეტიც, ჰააგაში გამოძიება მიმდინარეობდა, მათ შორის, იმაზეც, ხომ არ ჩაიდინეს ჩვენმა სამხედროებმა ომის დანაშაულები. და რატომ? რადგან ეს მე-11 პუნქტში არის ჩაწერილი, 1633-ე რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა. ჩვენ გავაკეთეთ, რათა სამართლებრივ დონეზე დადასტურებულიყო, რომ არავითარი ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს საქართველოს სამხედრო ძალების არცერთი წარმომადგენლის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე. მაშინ როდესაც შენ ეჭვის ქვეშ აყენებ, რომ შენმა სამხედრომ, შეიძლება, ჩაიდინოს ომის დანაშაული, მაშინ როდესაც ამბობ, რომ რუსეთის ქმედებები იყო მხოლოდ საპასუხო, ამას დადასტურებულად რეზოლუციაზე მხარდაჭერით აკეთებ – პირდაპირ, ჩვენი გადმოსახედიდან არის ორი ვარიანტი: ან ჩადენილის აღიარება, ან არაღიარებულის საკუთარი თავისთვის დაბრალება. ერთიც უბედურებაა და მეორეც, ერთიც კონსტიტუციის დარღვევაა და მეორეც, ერთიც საქართველოს ტერიტორიის ხელყოფისთვის საფრთხის შემცველი მოქმედებაა და მეორეც საფრთხის შემცველია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დღევანდელ დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიების წარმომადგენლები არ ემიჯნებიან ამ რეზოლუციას, არ ამბობენ, რომ ეს იყო შეცდომა. პირიქით, ამ 1633-ე რეზოლუციის, მისი მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტების მხარდაჭერით, ისინი აცხადებენ, თითქოს საქვეყნო საქმე გააკეთეს.
კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენ აქ არ ვითხოვთ კონკრეტულად, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს, ვინ დაიწყო ომი ან ვინ რა დანაშაული ჩაიდინა, რადგან სტრასბურგის სასამართლოსაც კი არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა. უშუალოდ ომის დღეებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე რუსეთის ფედერაციას რა პასუხისმგებლობის დონე ეკისრება, ამაზე სტრასბურგის სასამართლოსაც არ უმსჯელია. და ახლაც, კიდევ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მოთხოვნა და მტკიცება აქ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ რეზოლუციის მხარდაჭერით, მათ შორის ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, ან აღიარეს ჩადენილი ქმედება, ან არ ჩაუდენიათ და საკუთარ ქვეყანას დააბრალეს ომის დანაშაულები, საკუთარ სამხედროებს დააბრალეს ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები. ეს თავისთავად წარმოადგენს დარღვევას და მათ შეერაცხებათ, როგორც ფაქტი, კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევისთვის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.