არჩილ გორდულაძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განსაკუთრებულად იგრძნობა „დიფ სთეითის“ გავლენები, მათ რეზოლუციას იმ ფურცლის ფასიც არ აქვს, რომელზეც ეს რეზოლუცია დაიბეჭდება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „დიფ სთეითის“ გავლენები განსაკუთრებულად იგრძნობა. მათ მიღებულ რეზოლუციას იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს, რომელზეც ეს რეზოლუცია დაიბეჭდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, ასეთი რეზოლუციები კომენტარსაც არ იმსახურებს.
„გასაგებია, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს ქართველი ხალხი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე არ მოსწონთ – ქართველი ხალხი ბედავს და იმ ხელისუფლებას ირჩევს, რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის დაკვეთებს ასრულებს და არა მათ დავალებებს და მათ შეკვეთილ მუსიკაზე არ ცეკვავს. ერთია პოლიტიკური განცხადებები, მეორეა რეალობა, რომელსაც ისევ ევროსტრუქტურები თავიანთი შეფასებებით ადასტურებენ, რომ საქართველო გაცილებით უფრო წინა, ვიდრე, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანებული ქვეყნები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი გაავრცელა.