არჩილ გორდულაძე - ევრობიუროკრატიამ კარგად იცის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების უკან წამღები „ქართული ოცნების“ გუნდი არ არის
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, „შეუძლებელია, ერთ სიბრტყეზე იყოს დაყენებული უვიზო მიმოსვლა და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა, არასრულწლოვნებში სქესის შეცვლის ოპერაციები და არ შეიძლება ბიოლოგიურისგან განსხვავებული ე.წ. სქესის თუ გენდერის ჩანაწერის გაკეთება ოფიციალურ დოკუმენტებში“.
გორდულაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს უკან არ წაიღებს.
„ეს ღირებულებებია ქართული იდენტობის ამსახველი. გამჭვირვალობის კანონიც გვაქვს, რომელიც ისევ ჩვენი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის არის მნიშვნელოვანი. მეორე მხარეს გვაქვს მოცემულობა, ადამიანები დადგნენ თუ არა რიგში რამდენიმე დღის განმავლობაში იმისთვის, რომ ევროკავშირში იმგზავრონ. ამ ორი მოცემულობის ერთ სიბრტყეში დაყენება წარმოუდგენელია. ევრობიუროკრატიამაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების უკან წამღები „ქართული ოცნების“ გუნდი და ქართველი ხალხი არ არის. მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერს წერენ და გვაშანტაჟებენ, რადგან ერთი მიზანი აქვთ, მოდის არჩევნები და აქვთ სურვილი, როგორმე მუხტი აიწიოს. ისევ აშანტაჟებენ ქართველ ხალხს, რომ იქნებ როგორმე ხელისუფლება შეცვალონ და „ნაცები“ ხელისუფლებაში მოიყვანონ.
ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ადამიანი რომ დასაქმდეს, საჭიროა სამუშაო ვიზა. სხვა შემთხვევაში დასაქმება კანონიერი გზით შეუძლებელია. სწავლისთვისაც საჭიროა ვიზის აღება. უვიზო მიმოსვლა ტურისტული მიზნით გადაადგილებას ეხება. სხვადასხვა ადამიანი, შეიძლება, ამას სხვადასხვა ფორმით იყენებდეს, მაგალითად, ნახევარ განაკვეთზე საქმიანობისთვის. განცხადებები იყო სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით. არანაკლები სამედიცინო მომსახურების მიღება სხვაგანაც შეიძლება და უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფო თავად ეხმარება ბიუჯეტიდან ადამიანებს, რომ ის ოპერაცია, რომელიც საქართველოში არ ტარდება, სხვა ქვეყანაში ჩატარდეს და ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან იყოს დაფინანსებული“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის ყველაფერი გააკეთა.
„ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა ჩვენ დავიმსახურეთ და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რომელსაც ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესებდა, ახლა რომ ყელმოღერებული საუბრობენ თავისუფალ მიმოსვლაზე. ეს არის თითიდან გამოწოვილი საფუძვლები მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველ ხალხს დააჯერონ, თავისუფალ მიმოსვლას საფრთხე ექმნება, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ ბრალია და ახლა კეთილი ინებეთ და „ქართული ოცნება“ შეცვალეთო. ეს შანტაჟიც აღარ არის, ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, რომელსაც აბსოლუტური ნონსენსი უდევს საფუძვლად“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.