არჩილ გორდულაძე - ეუთო/ოდირის დასკვნის მიუხედავად, გარკვეული ძალები ცდილობენ ხალხის არჩევანის დელეგიტიმაციასა და ყველაფრის მიჩქმალვას, რაც არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებას ადასტურებს
ეუთო/ოდირის დასკვნაში ვიხილეთ, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, თითოეულ ადამიანს თავისუფლად შეეძლო, არჩევანი დაეფიქსირებინა. ამის მიუხედავად, გარკვეული ძალები ცდილობენ, ეს დასკვნა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის შეფასებები მიჩუმათებული იყოს, რათა ისევ ქართველი ხალხის არჩევანის დელეგიტიმაცია მოახდინონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა „ქართული ოცნების“ გუნდის სასარგებლოდ, რომელიც ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დგას.
„ეუთო/ოდირი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციისა და სანდოობის ორგანიზაციაა, რომელიც არჩევნებს აკვირდება. თვეების განმავლობაში გვესმოდა როგორც უცხოელი სახელისა და გვარის მქონე სხვადასხვა ფუნქციონერისგან, ასევე პოლიტიკოსისგან, ასევე, მათ შორის, იმ ჯაშუშური ქსელისგან, რომელსაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვეძახით ხოლმე, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მთავარი განმსაზღვრელი არჩევნების ლეგიტიმაციისა. რა მოვისმინეთ? ეუთო/ოდირის დასკვნა დადებითია. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული შენიშვნები, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების მიმართ და ნახონ, რა დასკვნები კეთდება. მაგალითად, სულ ახლახან ჩატარებული ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების თაობაზე, მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე თუ სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებზე რა დასკვნები უდევს ეუთო/ოდირს და როგორია ჩვენ მიმართ არსებული დასკვნები. შენიშვნების მიუხედავად, მთავარი, რაც დასკვნაში ვიხილეთ, არის ის, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, თითოეულ ადამიანს თავისუფლად შეეძლო, თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა. ამის მიუხედავად, გარკვეული ძალები ცდილობენ, მათ შორის, ჯაშუშები, რომლებიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ, ეუთო/ოდირის დასკვნა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის შეფასებები იყოს მიჩუმათებული, რათა ისევ ქართველი ხალხის არჩევანის დელეგიტიმაცია მოახდინონ. არ გამოსდით და ზუსტად ამიტომ არის, რომ ცდილობენ, მიჩქმალონ ყველაფერი, რაც ხელს უწყობს და ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა. ახლა 21-ე საუკუნეა, 2024 წელია და თითოეულ ადამიანს თავისუფლად შეუძლია, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ობიექტური რეალობა ნახოს და ობიექტური ინფორმაცია მიიღოს. აღარ არის ეს 2004-2012 წლები, როცა მართული იყო ყველა მასობრივი საშუალება, რითიც შეიძლებოდა, ადამიანებს ინფორმაცია მიეღოთ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხელში ეჭირა. ადამიანებს შეუძლიათ, თავისუფლად ნახონ, რა არის რეალობა. რეალობა ერთია – ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა „ქართული ოცნების“ გუნდის სასარგებლოდ, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი ბავშვების, ოჯახის ღირებულებების სადარაჯოზე და ღირსეულად ცდილობს, ქვეყანა განვითარდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.