არჩილ გორდულაძე – ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც გლობალური ომის პარტიის გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ ისიც დაეცა

12:26, 14.07.2026

ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც გლობალური ომის პარტიის გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა და საქართველოს წინააღმდეგ მისი თავდასხმები ვიხილეთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეუთო-ს რეზოლუციებსაც ისეთივე ქაღალდის ფასი აქვს, რაც ევროპარლამენტის განცხადებებს თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს, რომელზეც ისინი იბეჭდებიან.

„ბუნებაში საფუძველი და სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს, რის გამოც შეიძლება, თავს ესხმოდნენ ქართულ საზოგადოებას, ერთის გარდა, რომ საქართველო გლობალური ომის პარტიის მითითებებსა და დავალებებს არ ასრულებს და არ იქცევა, როგორც პროქსი სახელმწიფო. ჩვენს ქვეყანაში გარე მმართველობა არ არის დამყარებული“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

მსგავსი