არჩილ გორდულაძე - ერთმანეთთან დაკავშირებულია როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო რეფორმები, რომ მივიღოთ ისეთი მომავალი, რომელიც საქმიანობას ისევ სამშობლოს მოახმარს
განათლების მინისტრმა ორი უნივერსიტეტის გაერთიანების მიზანი განმარტა. ამოცანაა, მოხდეს პროფესორებისა და პერსონალის, ასევე მატერიალურ-ტექნიკური სახსრებისა და საშუალებების გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, საბოლოო ჯამში, ეს იქამდე მიგვიყვანს, რომ სახელმწიფოც და ტექნიკური უნივერსიტეტიც გაერთიანების შედეგად უფრო რეიტინგულები გახდნენ, ასევე მეტი ფასი და ძალა ჰქონდეს სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ გაცემულ დიპლომს და არა მხოლოდ დიპლომს, არამედ ცოდნას.
„სამწუხაროდ, განათლების სისტემაში პრობლემები გვაქვს, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების დიდი კასკადია. სამწუხაროდ, პროფესორ-მასწავლებლების ნაკლებობაც გვაქვს, რომლებიც მხოლოდ აკადემიური საქმიანობით არიან დაკავებული. შესაბამისად, ანაზღაურებაც ნაკლები აქვთ და იძულებული არიან, სხვა საქმიანობითაც დაკავდნენ.
ამ რეფორმის მიზანია, გავაძლიეროთ როგორც უნივერსიტეტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ამავდროულად, შევძლოთ კვალიფიციური და მეტი ცოდნის აკადემიური პერსონალის მოზიდვა ასეთ უნივერსიტეტებში. შესაბამისად, მიზანია, გაიზარდოს ცოდნის გადაცემის შესაძლებლობები და მხოლოდ ის არ იყოს, რომ ოთხი წლის განმავლობაში ისწავლოს სტუდენტმა და მიიღოს დიპლომი, რომელსაც არავითარი ცოდნა არ უმაგრებს ზურგს. სწორედ ამ მიზნით არის ერთმანეთთან დაკავშირებული როგორც სასკოლო რეფორმა, ასევე საუნივერსიტეტო რეფორმა, რომ ჩვენ ისეთი მომავალი მივიღოთ, რომელიც იქნება კვალიფიცირებული, საქმის პროფესიონალი და რომელიც თავის საქმიანობას ისევ სამშობლოს მოახმარს“, – განაცხადა გორდულაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.