არჩილ გორდულაძე - „დიფ სთეითის“ მიერ მართული ბიუროკრატიისთვის აუცილებელია, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, ეს არჩევნებით რომ არ გამოსდით, რადიკალიზაციას ცდილობენ
არჩილ გორდულაძე - „დიფ სთეითის“ მიერ მართული ბიუროკრატიისთვის აუცილებელია, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, ეს არჩევნებით რომ არ გამოსდით, რადიკალიზაციას ცდილობენ

„დიფ სთეითის“ მიერ მართული ბიუროკრატიისთვის აუცილებელია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს. ეს არჩევნებით რომ არ გამოსდით, ცდილობენ, რადიკალიზაცია მოახდინონ და ადამიანებს შორის ხიდების ჩატეხვა დააფინანსონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

როგორც გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არავისთვის ახალი არ არის, რა ზეწოლა მიმდინარეობს საქართველოზე.

„ამ ყველაფრის მიზანია საქართველოსთვის უბედურების მოტანა, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა. „დიფ სთეითის“ მიერ  მართული ბიუროკრატიისთვის აუცილებელია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს. ხელისუფლების შეცვლა კანონიერი მეთოდებით, არჩევნებით რომ არ გამოსდით, ცდილობენ, საქართველოში რადიკალიზაცია მოახდინონ და ადამიანებს შორის ხიდების ჩატეხვა დააფინანსონ. ხალხის შანტაჟი მიმდინარეობს, რადგან ისინი ისეთ ხელისუფლებას არ ირჩევენ, რომელიც სხვის დაკრულზე იცეკვებს. ასეთი ხელისუფლება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აგენტურა შეიძლება იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ ქართველი ხალხის დავალებას ასრულებს, ეს მათთვის პრობლებაა. ომის საფრთხე არსად წასულა, ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში. შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემაც ხდება და ისეთი განცხადებები კეთდება, რაც არათუ ხელს არ უწყობს მშვიდობას უკრაინაში, არამედ ომის წამახალისებელიც კი არის. ასეთ მოცემულობაში ქართველ ხალხზე ზეწოლაა, რომ ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც მიღებული დავალების შესრულებას შეძლებს და ქვეყანას ომის უფსკრულში გადაჩეხავს, – აღნიშნა გორდულაძემ.