არჩილ გორდულაძე – დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე, სამართლებრივად უნდა შეფასდეს ბოლო 22 წლის მოვლენები საკონსტიტუციო სასამართლოში
დღეს იმართება უმნიშვნელოვანესი პროცესი. ეს პროცესი არის სამართლებრივი, ამასთანავე, დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე – სამართლებრივად უნდა შეფასდეს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ბოლო 22 წლის მოვლენები, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად ჩადიან ექსტრემისტულ და ძალადობრივ ქმედებებს, უარყოფენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს ფუძემდებლურ პრინციპებს.
გორდულაძე აღნიშნავს, რომ, „თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის“ კონცეფციიდან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს უფლება და ვალდებულება, კანონით გათვალისწინებული მექანიზმებით აკრძალოს ისეთი პარტიები, რომლებიც კონსტიტუციური წყობილების დამხობასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ არიან მიმართული.
„საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს იმართება უმნიშვნელოვანესი პროცესი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი არის სამართლებრივი, ამასთანავე დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე – სამართლებრივად უნდა შეფასდეს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ბოლო 22 წლის მოვლენები. დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, ქვეყანა დავტოვოთ საფრთხის წინაშე და სამართლებრივად არ შევაფასოთ 2004-2012 წლების რეჟიმის შემოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ და 2012 წლიდან დღემდე „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების (გვარამია-მელიას „ახლის“; ბოკერიას „ფედერალისტების“; ხაზარაძე-ჯაფარიძის „ლელოს“; გახარიას პარტიის) საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებები. ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული მექანიზმი გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების საფუძველს ქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და დემოკრატიის პრინციპი, რომელთა სისტემური დარღვევა მის ხელყოფად უნდა იქნეს განხილული. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი განმტკიცებულია კონსტიტუციის მე-4 მუხლში, რომელიც, მათ შორის, იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების დამკვიდრება, ამასთანავე, საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. პოლიტიკური პარტიები კი მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. ამრიგად, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა დემოკრატიის პრინციპების დაცვასთან პირდაპირ და მჭიდროდ დაკავშირებულია. აქ წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები კი მუდმივ რეჟიმში კანონსაწინააღმდეგო, ექსტრემისტულ და ძალადობრივ ქმედებებს ჩადიან და ამის გასამართლებლად უსაფუძვლოდ უარყოფენ და არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და სხვასაც მოუწოდებენ, არ დაემორჩილონ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, მთავრობის აქტებს, სასამართლოს გადაწყვეტილებებს. პოლიტიკური პარტიის საქმიანობა უშუალოდ და მჭიდროდ დაკავშირებულია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციასთანაც, რომლიდან გამომდინარეც, დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის ისეთი საქმიანობა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას ან საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს რომელიმე ფუძემდებლურ პრინციპს. ამ მხრივ კი საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი განმარტება: „დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი მოიცავს შეზღუდვას, რომ დემოკრატიული მეთოდების მეშვეობით არ მოხდეს თავად დემოკრატიული სახელმწიფოს იდეის უგულებელყოფა. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს დაცვის მექანიზმებს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპებისთვის ფორმალურად დემოკრატიული პროცესების გამოყენებით საფრთხის შექმნისაგან – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის N2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-57“, – განაცხადა არჩილ გორდუაძემ.
ამასთან, არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტები გვხვდება ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მაგალითად, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, უკრაინასა და მოლდოვაში.
მისივე განმარტებით, 2022 წლის შემდეგ უკრაინაში, ჯამში, აიკრძალა 18 პოლიტიკური პარტია, მოლდოვაში 2026 წლის ივლისში – ოთხი.
არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ იცავს იმ ძალების საქმიანობას, რომლებიც ძალადობას ახალისებენ ან დემოკრატიულ პრინციპებს უგულებელყოფენ. გორდულაძე ასევე აღნიშნავს, რომ ევროპულ ქვეყნებში პარტიების აკრძალვის მრავალი მაგალითი არსებობს და წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი სრულად ემყარება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ შეგროვებულ მტკიცებულებებს.
„პოლიტიკური პარტიის საქმიანობასა და მის აკრძალვასთან დაკავშირებით მსგავსი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც. დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მართალია, პოლიტიკური პარტიები პლურალიზმისა და დემოკრატიის სწორად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მხრივ არსებით როლს ასრულებენ და მათ მიმართ გატარებული უფლების შემზღუდველი ღონისძიებები გავლენას ახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ გაერთიანების თავისუფლებასა და, ზოგადად, დემოკრატიაზე სახელმწიფოში – Refah Partisi (The Welfare Party) and Others v. Turkey – მაგრამ სახელმწიფოს სათანადო ღონისძიებების გატარება თვითონ დემოკრატიის დაცვის უზრუნველსაყოფადაც ევალება.
„დემოკრატიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და უნარი, საკუთარი თავი დაიცვას – Zdanoka v. Latvia, §100“ – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში სწორედ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ მოეთხოვება, პოლიტიკური პარტიის მიერ კონვენციასა და დემოკრატიასთან შეუსაბამო პოლიტიკის გასატარებელი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას დაელოდოს; კერძოდ, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ პოლიტიკური პარტიის მიერ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკის გატარების რისკი სათანადოდ დაადასტურა, სახელმწიფო უფლებამოსილია, აღკვეთოს ასეთი პოლიტიკის გატარება – Herri Batasuna and Batasuna v. Spain, §82; Refah Partisi (The Welfare Party) and Others v. Turkey, §103.
დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიების მნიშვნელობის მიუხედავად, პოლიტიკური პარტიის შექმნისა და ფუნქციონირების თავისუფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, არ არის აბსოლუტური. მეტიც, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არ არის დაცული იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც აქეზებს ძალადობას ანდა ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც პატივს არ სცემს დემოკრატიას ან რომლის მიზანი დემოკრატიისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფაა – Herri Batasuna and Batasuna v. Spain, §79; Refah Partisi (კეთილდღეობის პარტია) and Others v. Turkey, §98. ძალადობის მხარდაჭერად და ძალადობის წახალისებად კი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების მიხედვით, მიიჩნევა არა მხოლოდ ძალადობის ჩადენისკენ პოლიტიკური პარტიის პირდაპირი მოწოდება, არამედ ისეთი შემთხვევაც, როდესაც პოლიტიკური პარტია ძალადობის ჩადენის შესახებ სხვა პოლიტიკური პარტიის საჯარო მოწოდებას პირდაპირ, ნათლად და მყისიერად, საჯარო განცხადებითვე არ ემიჯნება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აზრით, პოლიტიკოსის პოლიტიკური აქტივობა მოიცავს არა მხოლოდ სიტყვით გამოსვლებსა და კონკრეტულ ქმედებებს, არამედ უმოქმედობასა და დუმილსაც, ხოლო უმოქმედობა და დუმილი შეიძლება ძალადობის მიმართ ისეთივე თანადგომად იქნეს აღქმული, როგორც ძალადობის პირდაპირ და აშკარად გაცხადებული მხარდაჭერა. შესაბამისად, ძალადობის დაგმობასა და ძალადობისგან მყისიერ გამიჯვნაზე უარის თქმის გამო პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომის თანახმად, გამართლებულია – Herri Batasuna and Batasuna v. Spain, §88. მეტიც, თუ პოლიტიკური პარტიის წევრი თავისივე პოლიტიკური პარტიის ლიდერის განცხადებებსა და ქმედებებს მყისიერად საჯაროდ არ ემიჯნება, ეს განცხადებები და ქმედებები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების მიხედვით, პოლიტიკური პარტიის აღნიშნულ წევრსაც შეერაცხება – Zdanoka v. Latvia, §123; Refah Partisi (The Welfare Party) and Others v. Turkey, §115.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტები გვხვდება ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მაგალითად, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, უკრაინასა და მოლდოვაში. მხოლოდ 2022 წლის შემდეგ უკრაინაში, ჯამში, აიკრძალა 18 პოლიტიკური პარტია, მოლდოვაში 2026 წლის ივლისში – ოთხი. სხვათა შორის, არც ივლისამდე და არც ივლისის შემდეგ ევრობიუროკრატიის არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ აკვირდება სასამართლო პროცესს ან სასამართლო შეიძლება გამოყენებული იქნეს პოლიტიკის ინსტრუმენტად, არც ვენეციის კომისიას დაუგმია პარტიის გაუქმების პროცესი. სამაგიეროდ, ევროკომისიის პრესპიკერი თავს უფლებას აძლევს, პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ჩაერიოს მართლმსაჯულების განხორციელებაში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული მიდგომების გათვალისწინებით, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილია ის ფაქტები და არგუმენტები, რომლებიც სარჩელში დასახელებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის საფუძვლიანობას ადასტურებს.
„სარჩელში მითითებული ცალკეული ფაქტებისა და ქმედებების შესასწავლად საქართველოს პარლამენტში 2025 წელს შეიქმნა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“, რომელმაც ექვსთვიანი მუშაობის პერიოდში პირდაპირ ეთერში გამართა 64 სხდომა, გამოიკითხა 139 პირი, შეისწავლა მოქალაქეებისგან 778 განცხადება და დაიდო რამდენიმეასეულგვერდიანი დასკვნა, რომელიც თან ერთვის კონსტიტუციურ სარჩელს და რომელშიც დეტალურად არის აღწერილი არაკონსტიტუციური პარტიების მოღალატეობრივი და დანაშაულებრივი ქმედებები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამავდროულად, არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ შეგროვების პრაქტიკა შეეხო საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტს, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ არაერთ პირს, რომელთა მიმართ ძალადობის, გაუპატიურებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის პროცესის ვიდეოგადაღება და ამ ჩანაწერებით შანტაჟი ხორციელდებოდა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა უკანონო თვალთვალს, შანტაჟს, ბიზნესის დატერორებასა და მედიის მიტაცებას ემყარებოდა.
ამასთან, გორდულაძემ ყურადღება გაამახვილა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე, რაც, მისი განმარტრებით, ქართველი ჯარისკაცებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებასა და სახელმწიფო ინტერესების პირდაპირ ღალატს წარმოადგენდა.
„„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა: მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო, პირთა უკანონო თვალთვალის, უკანონო მიყურადებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, აუდიო და ფოტომასალის უკანონოდ შექმნის, შენახვისა და გამოყენების საყოველთაო პრაქტიკა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ შეგროვების პრაქტიკა შეეხო საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტს, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ არაერთ პირს, რომელთა მიმართ ძალადობის, გაუპატიურებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის პროცესის ვიდეოგადაღება და ამ ჩანაწერებით შანტაჟი ხორციელდებოდა; ქონების გამოძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის სისტემა – იმავე პერიოდში ჩაიდინა ბიზნესზე უკანონო თავდასხმის, ქონებაზე უარის თქმის უკანონო იძულებისა და საკუთრების უფლების ხელმყოფი მრავალი ქმედება. დაატერორა და ხელში ჩაიგდო როგორც ბეჭდური, ისე ინტერნეტ და სატელევიზიო მედია; 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა ისეთი ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას. ამ რეზოლუციაში აღნიშნულია შემდეგი: მე-5 პუნქტი: „თუმცა 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“; მე-11 პუნქტი: „განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“. ამ საკითხებზე ხმის მიცემით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ხელი შეუწყო ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და აღიარა, ან არ გაუკეთებია და დაიბრალა. ორივე შემთხვევაში ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.