არჩილ გორდულაძე – ამდენი ხნის განმავლობაში ამბობდნენ, სარჩელი ვერ გავიგეთო და ძალიან კარგადაც გაიგეს, სარჩელში რომელ პარტიას რა არაკონსტიტუციური ქმედებები მიემართება

11:13, 26.10.2026

დღეს გაიხსნება სხდომა, რომელზეც სასამართლო გამოაცხადებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას – განჩინებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, პროცედურის შესაბამისად, შემდეგ მომხსენებელი მოსამართლე მოკლედ მიაწვდის ინფორმაციას სარჩელთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წინაშე წარადგენს თავის ახსნა-განმარტებას.

„ამდენი ხნის განმავლობაში ამბობდნენ, ვერ გავიგეთო და ძალიან კარგადაც გაიგეს, სარჩელში რომელ პარტიას რა არაკონსტიტუციური ქმედებები მიემართება. ეს საკითხები დეტალურად იქნება განხილული და დადასტურდება, რომ ეს პარტიები, მიუხედავად სხვადასხვა სახელწოდებისა და ნომრისა, რეალურად ერთითა და იმავე განზრახვით მოქმედებენ.

მათ მიერ ცალკეულ შემთხვევებში დამოუკიდებლად ან ერთობლივად განხორციელებული ის ქმედებები, რომლებსაც 2021 წლიდან, მაგალითად, გახარიას პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ ვხედავდით, შეფასდება როგორც არადემოკრატიული და არასახელმწიფოებრივი ქმედებები. ამავდროულად, მათვე შეერაცხებათ ის ქმედებებიც, რომელთაგანაც არ გამიჯნულან და რომლებსაც კოალიციაში შესვლით პირდაპირ დაეთანხმნენ.

ერთი მხრივ, არსებობს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, მეორე მხრივ – რეალობა, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები. თითოეული ეს ნაბიჯი ანტისახელმწიფოებრივია“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

მსგავსი