არჩილ გორდულაძე - ჩვენი ოპოზიცია ერთი ჯაშუშური ქსელის წარმომადგენელია, რომელიც ქვეყნის ოპოზიციაშია და არა პოლიტიკურ ოპოზიციაში
არჩილ გორდულაძე - ჩვენი ოპოზიცია ერთი ჯაშუშური ქსელის წარმომადგენელია, რომელიც ქვეყნის ოპოზიციაშია და არა პოლიტიკურ ოპოზიციაში

ჩვენი ოპოზიცია ერთი ჯაშუშური ქსელის წარმომადგენელია, რომელიც ქვეყნის ოპოზიციაშია და არა პოლიტიკურ ოპოზიციაში, ებრძვიან არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, რადგან ამერიკა არის უკრაინაში მშვიდობიანი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, „დიფ სთეითის“ და „გლობალური ომის პარტიის“ მიზანია, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ომი.

„სწორედ ამის თანასპონსორია საქართველო. ამის წინააღმდეგ გამოდიან ადამიანები რეალურად. ისინი მხარს უჭერენ ომს, უბედურებას, ადამიანების სიკვდილს, ქვეყნის ჩამოშლას და განადგურებას. მათ არ აქვთ სურვილი, რომ უკრაინაში ომი მშვიდობიანად დასრულდეს. ეს არის „დიფ სთეითის“ და „გლობალური ომის პარტიის“ მიზანი, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ომი და ამით ადამიანებმა, გარკვეულმა ძალებმა იშოვონ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები, რაზეც საუბრობენ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თუ მისი ადმინისტრაცია“, – განაცხადა გორდულაძემ.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, აშშ მოუწოდებს კიევს, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის სამი წლისთავზე გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან წაიღოს და მხარი დაუჭიროს აშშ-ის პროექტს, რომელსაც მხოლოდ ერთი თანასპონსორი ჰყავს – საქართველო.