არჩილ გორდულაძე – ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს

11:36, 10.11.2026

არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ხუთდღიანი დემაგოგიის, პოლიტიკურ ტრიბუნად სასამართლოს სხდომის გადაქცევის, ტყუილების, ფაქტებით მანიპულირების კასკადის შემდეგ დღეს დაიწყება სასამართლო პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეების მხრიდან დაისმება კითხვები და მოსარჩელე მხარე მზად არის, თითოეულ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდეს მსჯელობა.

„მზად ვართ, კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი, კონსტიტუციის დარღვევის მცდელობები თუ განხორციელებული ფაქტები. ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს. მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ე.წ. პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთი მხრიდან იმართებიან, გაერთიანებული არიან, ერთ ორგანიზმად პოზიციონირებენ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ერთმანეთის მიმართ პიროვნული ანტიპათიები ახასიათებთ, დავალების შესასრულებლად ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ, ერთსა და იმავეს აკეთებენ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამასთან, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტმა ისე ჩაიარა, თითქოს ოპოზიციისთვის ასეთი ფაქტი არ არსებობდა.

„მათი ე.წ. მედიები, პარტიული დანაყოფები არ აშუქებდნენ ან ცდილობდნენ, სადღაც ბოლო ნიუსად გაეშვათ და გაევრცელებინათ. კიდევ ერთხელ დასტურდება, ისინი თანხვედრაში არიან, როდესაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა ხდება. ამავდროულად, 2012 წლიდან დღემდე, ბოლო პარტიის დაფუძნების დღიდან, პირდაპირ ეს პარტიები ჩართულები არიან არაკონსტიტუციურ საქმიანობაში. ჩვენ არ გვაქვს უფლება, 2004-2012 წლები დავივიწყოთ და არ შევაფასოთ სამართლებრივადაც. მთავარია, რომ ამ ადამიანებისათვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპი უბრალოდ არ არსებობს. ფეხქვეშ თელავენ ადამიანების გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის ნებას და ცდილობენ, გარე მმართველობა დაამყარონ ქვეყანაში. ჩვენი ვალია, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდის, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლომაც შეაფასოს მათი ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც თავისი შინაარსით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ისევ ქართული დემოკრატიისათვის, ოპოზიციური ველზე არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ, არამედ ისეთი პარტიები, რომელთათვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი და მათთან გვექნება ჩვენ პოლიტიკური კამათი და არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის მხოლოდ დაცვაში ამ უცხო ძალების ნების გამტარებელი პარტიებისა თუ პირებისა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი