არჩილ გორდულაძე – ბევრი უნდა ილაპარაკონ და თავადვე აიკრძალავენ თავებს, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად
ორი დღის წინ, სხდომის მიმდინარეობის დროსაც ვთქვი, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ისაუბრონ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა პარტიად დაყოფილმა პირებმა. ისინი თვითონ სხდომაზეც, პროცესის მიმდინარეობის დროსაც კი ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რითაც ჩვენს სარჩელს უფრო მეტად ასაბუთებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის სარჩელს საზოგადოების თვალში დასაბუთებაც არ სჭირდება, ვინაიდან საჯარო სივრცეში საკმარისად არის გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა ოპოზიცია, საკუთარი განცხადებებით დამატებით მტკიცებულებებს აძლევს მოსარჩელე მხარეს სარჩელის გასამყარებლად.
„სარჩელს, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საზოგადოების თვალში დასაბუთებაც კი არ სჭირდება. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი იქნება, თამარ ჩერგოლეიშვილი იქნება, ბოკუჩავა, „ლელოს“ წარმომადგენლები, „გახარიელები“ თუ სხვანი, ყოველთვის აკეთებენ ერთსა და იმავეს, რომ ისინი, მაგალითად, საარჩევნო კამპანიას საქართველოში კი არ ატარებენ, არამედ უცხოეთში მიდიან. მაგალითად, 2024 წელს რაც გააკეთეს, უცხოელი პატრონების წინაშე დებენ პირობას, რომ ერთად იბრძოლებენ. ეს როცა ვერ შეასრულეს, 2025 წელს, არჩევნებიდან ერთ თვეში მოღალატეობრივ წერილს უგზავნიან, რომ ჩვენ ვერ გავაკეთეთ ვერაფერი და, შესაბამისად, თქვენ ხელისუფლება დაასანქცირეთ და საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთო. თავიანთივე სიტყვით აღიარებენ და, ამავდროულად, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად. ბევრი უნდა ილაპარაკონ და თავადვე აიკრძალავენ თავებს, იმდენ მტკიცებულებას წარადგენენ – რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, თითქოს საქართველოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელისა და გვარის მქონე ადამიანმა“, – აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.