არჩილ გორდულაძე – არსებობს მცირე ჯგუფი, რომლის მიზანია, ქვეყანაში ყველანაირი ავტორიტეტი განულებული იყოს, მათ შორის ამას მხარს უჭერს სხვადასხვა საგარეო აქტორიც
ფსკერს ქვემოთ დაცემულ ადამიანებს მხოლოდ ნოდარ დუმბაძის სიტყვებით თუ ვუპასუხებთ: „როდესაც შუბლის ძარღვი წყდება, შემდეგ ცხოვრება მარტივდება“. ამ ადამიანებისთვის ცხოვრება მართლაც ძალიან გამარტივებულია, რასაც საზოგადოების მხრიდან სათანადო პასუხი და შეფასებებიც მოჰყვება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ არსებობს მცირე ჯგუფი, რომლის მიზანია, ქვეყანაში ყველანაირი ავტორიტეტი განულებული იყოს.
„ამას მხარს უჭერს, მათ შორის, სხვადასხვა საგარეო აქტორიც. რეალურად, ამ ქვეყნის კულტურისა და ისტორიის პატივისმცემელი და მომავალზე მზრუნველი ადამიანების რაოდენობა გაცილებით უფრო მეტია. ვინც არ უნდა ილაპარაკოს და რაც არ უნდა ილაპარაკოს, მთავარი ის არის, რომ საქართველოში შუბლგაწყვეტილი ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა“, – განაცხადა გორდულაძემ.
ამასთან, სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებულ კითხვაზე გორდულაძემ აღნიშნა:
„არაერთხელ ვნახეთ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც სიძულვილის მხარეს დადგნენ, თითქოს შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა გამოხატვის თავისუფლებაა. შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებაში არავითარ შემთხვევაში არ ჯდება. პირიქით, შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებაც კი, რაც ჩვენს ქვეყანაში არ მოქმედებს, სრულ შესაბამისობაშია სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებთან. მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ჩანაწერები აღსრულდეს, რასაც შსს აკეთებს კიდეც. ის ავლენს ფაქტებს, რის შემდეგაც ამ საქმეებზე სასამართლო მსჯელობს. გადაწყვეტილებები სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად მიიღება. ფაქტიც სახეზეა – ვხედავთ, რომ სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენა შემცირებულია. გარედან დაფინანსებული და წახალისებული სიძულვილის ენის მიზანი კვლავ საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირება იყო. ამის საპირისპიროდ, დღეს ვხედავთ, რომ მსგავსი შემთხვევები შემცირებულია, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის“, – აღნიშნა გორდულაძემ.