არჩილ გორდულაძე - არარჩეული ევრობიუროკრატების ხელში ვიზალიბერალიზაცია ზეწოლის ერთადერთი იარაღია, საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს ზედმიწევნით ასრულებს
არარჩეული ევრობიუროკრატების ხელში ვიზალიბერალიზაცია ერთადერთი დარჩენილი იარაღია საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის განსახორციელებლად. ეს არის ბოლო ტყვია მათ მჭიდში. რამდენად გამოიყენებენ, მათზე იქნება დამოკიდებული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, „ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, ზეწოლის იარაღსაც დაკარგავენ“.
„საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ მიერ მოპოვებული შესაძლებლობაა. ეს დამყარებული იყო და არის ნაკისრ ვალდებულებებზე, რასაც ქვეყანა ზედმიწევნით ასრულებს. მთელი რიგი ვალდებულებები გვაქვს შესრულებული. ერთადერთი, რასაც ჩვენ არ ვასრულებთ, არის ევრობიუროკრატიის მცდელობები, ქვეყნის შიდა საქმეებში ხელები აფათურონ, რის საშუალებასაც არ ვაძლევთ. სწორედ ამიტომ, ტყუილზე დაფუძნებულ განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც არარჩეული და, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურ კორუფციაში მხილებული ბიუროკრატები აკეთებენ. მათ უკან ის ძალები არიან, რომელთა მიზანი პროქსი ომების წარმოებაა“, – განაცხადა გორდულაძემ.