არჩილ გორდულაძე - ახალგაზრდებს სჭირდებათ ჯანსაღი მომავალი და ეს ნარკოდამოკიდებულების ფარგლებში შეუძლებელი, წარმოუდგენელია
ახალგაზრდებს სჭირდებათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი ცხოვრება, ჯანსაღი მომავალი და ეს ყველაფერი ნარკოდამოკიდებულების ფარგლებში შეუძლებელი და წარმოუდგენელია, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ლიბერალური მიდგომები, სამწუხაროდ, თავს მოხვეული იყო ჩვენს ქვეყანაში და ეს განსაკუთრებით გამოიხატებოდა კამპანიებში, რომელიც მიმდინარეობდა ონლაინ სივრცეში თუ ზოგადად, რაც თავის თავში ითვალისწინებდა მოწოდებას, თითქოს ნარკოტიკების მოხმარება პრობლემას არ წარმოადგენს და დამოკიდებულებები უნდა იყოს რბილი. ჩვენ უარს ვაცხადებთ ასეთ რბილ დამოკიდებულებებზე ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, გვინდა, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს მომავალი; ქართველი ხალხის მომავალი ახალგაზრდების გარეშე წარმოუდგენელია, ხოლო ახალგაზრდებს სჭირდებათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი ცხოვრება და ჯანსაღი მომავალი. ეს ყველაფერი ნარკოდამოკიდებულების ფარგლებში შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ეს არის ის სენი და უბედურება, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის, სადაც ეს ყველაფერი, მათ შორის, ისევ და ისევ ამ ძალების გავლენით არის გავრცელებული და თავს მოხვეული“, – განაცხადა გორდულაძემ.
მისი თქმით, რეფორმა რამდენიმე ნაწილად უნდა დაიყოს.
„ეს პირველ რიგში, წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, როგორც ნარკოგამსაღებლების, ნარკორეალიზატორების, ნარკოგამყიდველების წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული საპატიმრო ვადები, რომლებიც ყიდიან შენელებული სიკვდილის ბომბებს, რომლებსაც შეუძლია, ადამიანები გააუბედუროს, როგორც თვითონ მომხმარებლები, ასევე მათი ოჯახის წევრები, ახლობლები და ნათესავები. ამ ყველაფრის მეორე მიმართულება არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და უმნიშვნელოვანესია, ამ ყველაფერში საზოგადოების თითოეული წევრი იყოს ჩართული. კერძო სექტორმაც მხარი უნდა აუბას სახელმწიფოს, საჯარო დაწესებულებებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ მძიმე სენს“, – განაცხადა გორდულაძემ.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ნარკოდამოკიდებულ პირებს ხუთი წლის განმავლობაში აეკრძალებთ საჯარო სამსახურში დასაქმება, პედაგოგიური საქმიანობა, იარაღთან დაკავშირებული თუ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება და ამავდროულად, სამი წლით შეეზღუდებათ მართვის მოწმობის გამოყენება.
ამასთან, გორდულაძემ თქვა, რომ გამკაცრებული პოლიტიკის დაანონსების შემდეგ საზოგადოების მხრიდან მიმართვიანობა დიდია, რომ აუცილებლად განხორციელდეს, მათ შორის, მკურნალობის ფორმების დახვეწა და ამ საკითხთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები, მათ შორის, იძულებითი მკურნალობის კუთხითაც იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ასეთი საჭიროებები ექნება.
გორდულაძემ ასევე განაცხადა, რომ „ნაცკლასტერის“ მედიები და მათთან დაკავშირებული ადამიანები განსაკუთრებულად ამაზრზენად იქცევიან და ამორალურია მათი განცხადებები, სადაც ისინი სპეკულირებენ მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებით, თითქოს რეპრესიული ქმედებებია გათვალისწინებული, არადა, ძალიან მარტივია და იმას ლაპარაკიც კი არ სჭირდება, რომ კოკაინთან, ჰეროინთან და, ამავდროულად, მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებული მიდგომები ერთი და იგივე არ იქნება.
„ჩვენი გუნდის არაერთი წევრის, პირველ რიგში, უმრავლესობის ლიდერის, ბატონი მამუკა მდინარაძის მხრიდან გაცხადებული იქნა ის, რომ ბრძოლა უკომპრომისო იქნება გამყიდველებთან და ნარკომოვაჭრეებთან, ეს ადამიანები კი გამოდიან და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს გული შესტკივათ ნარკომოვაჭრეებზე და გამსაღებლებზე. დაფიქრდნენ მაინც, რას საუბრობენ და როგორ წარმოჩინდებიან ქართული საზოგადოების წინაშე, მაგრამ ჩვენ ის გაგვიკვირდება, რომ ეს ადამიანები მხარს უჭერდნენ ისეთ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხის მომავალზე“, – განაცხადა გორდულაძემ.