არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ქვეყნის ინტერესებისა და ეროვნული სიწმინდეების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებებს საშემოდგომო სესიაზე წარადგენს
მნიშვნელოვანია, დავიცვათ ქვეყნის ინტერესები და ის სიწმინდეები, რაც ჩვენს ისტორიას, აწმყოს ქმნის და არის მომავლის გარანტია, ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა მიმდიმარეობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ცვლილებებს მოამზადებს, რომელიც წარდგენილი იქნება საშემოდგომო სესიის დასაწყისში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, დადგენილი იქნება ის ზღვარი, რომელიც გადის გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებების დაცვაში.
„მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს, რომლის უკან გარედან მართული, დაფინანსებული და წახალისებული ადამიანები დგანან. გვახსოვს, როგორი შეტევა მიმდინარეობდა და ისევ გრძელდება საპატრიარქოს მიმართ. გახსოვთ, საპატრიარქოს ღობეზე გაკეთებული უმსგავსო წარწერა. მიზანმიმართულად ცდილობენ, საზოგადოებაში განხეთქილება იყოს ჩაგდებული. საჭიროა, ამის წინააღმდეგ იყოს საკანონმდებლო ცვლილებები. კონსულტაციები იყო პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავჯმდომარესთან და ჩვენი გუნდი მუშაობას იწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ცვლილებებს მოამზადებს, რომელიც წარდგენილი იქნება საშემოდგომო სესიის დასაწყისში. დადგენილი იქნება ის ზღვარი, რომელიც გადის გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებების დაცვაში. ეს როგორც გათვალისწინებულია ევროპული პრაქტიკით, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით“, – განაცხადა გორდულაძემ.