არჩილ გაჩეჩილაძე - ლარის კურსთან მიმართებაში საგარეო ფაქტორები ისეთია, რომ ეროვნული ვალუტა 2.7-2.8-ის ფარგლებში უნდა იყოს
არჩილ გაჩეჩილაძე - ლარის კურსთან მიმართებაში საგარეო ფაქტორები ისეთია, რომ ეროვნული ვალუტა 2.7-2.8-ის ფარგლებში უნდა იყოს

ლარის კურსთან მიმართებაში საგარეო ფაქტორები ისეთია, რომ ეროვნული ვალუტა 2.7-2.8-ის ფარგლებში უნდა იყოს გამყარებული, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა.

არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, ლარი გამყარებისკენ უნდა წავიდეს და ამ კუთხით ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

„კარგად გვესმის, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ არის მარტივი მსესხებლისთვის და მათ უძვირდებათ ცხოვრება. შესაბამისად ამ კუთხით ბალანსის დაცვა, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის განხილვა არის მნიშვნელოვანი. თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეკონომიკის მონაწილე მხარეებმა დაინახონ, რომ ეროვნული ბანკი აქტიურობს და გააკეთებს ყველაფერს, რაც მის ხელთ არის. ეს საჭიროა, რომ ლარის მიმართ რწმენა აღდგეს და გაძლიერდეს“, – აღნიშნა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, დღეს ეროვნულ ვალუტაზე უარყოფით გავლენას საგარეო ფაქტორები არ ახდენს და საგარეო შოკები სახეზე არ არის.

„საგარეო შოკები არ გვაქვს. პირიქით, ექსპორტი გაზრდილია, იმპორტი შემცირებულია. ყველანაირი ფუნდამენტური მიზეზი არსებობს, რომ ლარი გამყარდეს. უბრალოდ საჭიროა, ეკონომიკის ყველა მონაწილემ დაიჯეროს, რომ სწორი გადაწყვეტილებების მიღება ხდება და როგორც კი ეს რწმენა გაძლიერდება, დარწმუნებული ვარ, ლარიც გამყარდება“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რიგგარეშე სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

 

ქრისტინე გამთენაძე 

დატოვე კომენტარი